11 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

11 სექტემბრის მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი

თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი. გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო (ლკ. 3, 19-20).
იოანე ნათლისმცემელი
ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, უხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. ჰეროდიადას ასული სალომეა როკვიდა სტუმრების წინაშე, რითაც ჰეროდეს დიდად ასიამოვნა. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ უბოძებდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. ბილწმა მოცეკვავემ თავისი ბოროტი დედის, ჰეროდიადას შეგონებით, ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ჰეროდე დამწუხრდა – ეშინოდა ღვთის რისხვისა იმ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის, რომელსაც ადრე თავადვე უსმენდა. ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც უყვარდა წინამორბედი უფლისა; მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, წმიდანისთვის თავი მოეკვეთათ და სალომეასთვის მოერთმიათ. გადმოცემით, სინანულის ქადაგის მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: „ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი“. სალომეამ ლანგარი თავის დედასთან მიიტანა. გახელებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაჩხვლიტა წინასწარმეტყველის ენა და წმიდა თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა სიწმიდე ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმიდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა იმავე ღამეს მიაბარეს მიწას სებასტიაში, იქ, სადაც ბოროტმოქმედება აღესრულა. წმიდა იოანეს მკვლელობის შემდეგ ჰეროდე რამდენიმე ხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას. სახარებიდან ჩანს, რომ იუდეის მმართველმა, პონტოელმა პილატემ მასთან ბორკილდადებული იესო ქრისტე გაგზავნა, რომელიც შეურაცხყო ჰეროდემაც და მისმა ერმაც (ლკ. 23.7-12).

ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმიდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი – ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ.

წმიდა მოწამე ანასტასი

წმიდა მოწამე ანასტასი ბულგარელი დაიბადა 1774 წელს სტრუმნიცის ეპარქიის სოფელ როდოვიჩებში. მშობლებმა იგი მკერავს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. ერთხელ, როცა ჭაბუკი ოცი წლისა იყო, მას თავის ოსტატთან ერთად თესალონიკში მოუხდა გამგზავრება. ხელოსანს სურდა, რამდენიმე ხელ თურქულ ტანსაცმელში მაინც არ გადაეხადა ბაჟი, ამიტომ ანასტასი დაიყოლია, თურქივით ჩაეცვა. მეზვერეებმა შეაჩერეს იგი და ბაჟის გადახდის მოწმობა მოსთხოვეს. ყმაწვილმა უპასუხა, რომ ის თურქი იყო. მაშინ მოხელეებმა სალავათის, მაჰმადიანთა ლოცვის წარმოთქმა მოსთხოვეს. ანასტასი დაიბნა და დადუმდა. ამის შემდეგ იგი მმართველთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა დაკითხა უფლის რჩეული და გათურქება მოსთხოვა. ჭაბუკი უარზე დადგა. მაშინ იგი მეზვერეთმთავარს მიჰგვარეს. მოხელე ჯერ ლიქნით, შემდეგ დაჟინებით ცდილობდა მარტვილის მოდრეკას. ანასტასიმ სამოქალაქო დანაშაული აღიარა, ქრისტეს უარყოფაზე კი არ თანხმდებოდა. ქრისტეს ტარიგი აწამეს და ბოლოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. თურქები ყმაწვილს გზაშიც შეაგონებდნენ, უარეყო თავისი სარწმუნოება, მას კი, გატანჯულს და გაწამებულს, ძალ-ღონე გამოეცალა, ჩაიკეცა და 1794 წლის 29 აგვისტოს სული უფალს შეჰვედრა.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი