7 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

შავი ჩაი ასკილით

წმიდა გრიგოლი

წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას – ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები – ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.

მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა იდგა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითიდღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც რამდენადმე გაეცნო ზოგიერთი სახის მეცნიერებას, ხოლო შემდეგ იქიდანვე დაადგა გზას პირდაპირ ელადისაკენ, კერძოდ, ათენისაკენ. როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ყველა, ვინც ადრე ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდა, ერთხმად მოუხმობდა საშველად ქრისტეს, რადგანაც შიში ყველაზე შთამაგონებელი გაკვეთილია. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: „შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს“. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის შედეგად ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, იქიდან ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწების გრძნობით შეპყრობილი გადმოვიდა.
წმიდა გრიგოლი
ათენის აკადემიაში სწავლისას წმიდა გრიგოლი, როგორც თვითონ წერს, ცდილობდა ყოფილიყო პირველი იმათ შორის, „ვინც იცის, თუ რა არის თვითონ პირველი“. ათენში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი, ანუ თავად გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი სული ორ სხეულში“.

სწავლის დასრულების შემდეგ გრიგოლმა ბევრი იფიქრა და ბოლოს განდეგილისა და საზოგადოებაში მცხოვრებთა შორის არსებულ რაღაც საშუალო გზაზე შეჩერდა. მოვლა-პატრონობას მოითხოვდნენ მოხუცი მშობლებიც, ამიტომ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა.

362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზის ეპისკოპოსმა, შვილი, თუმცა შესანიშნავად იცოდა მისი გეგმები, თითქმის იძულებით მღვდლად აკურთხა. შეწუხებულმა და შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის ღვთაებრივ მეგობართან, ბასილი დიდთან, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბასილი დიდიც ისევე მოექცა, როგორც მამა. კერძოდ, მამამისის თანხმობით, კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა იგი, რაზედაც წმიდა გრიგოლმა მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად. 379 წელს გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. იგი წერს: „მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მოწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში“.

არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოსთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.

380 წელს იმპერატორ თეოდოსის მხარდაჭერით იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ წმიდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.

შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.

ღირსი პოპლი ასური

ღირსი პოპლი ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო ეს სოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და მონაზვნობა შეიმოსა. წმიდანი ასურეთის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი – ასურელებისათვის. გარდაიცვალა 380 წელს.

ღირსი პოპლი ასური

ღირსი მარი მგალობელი

ღირსი მარი მგალობელი ასურეთში მოღვაწეობდა. ის 37 წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, მშვენიერის პირისახის, რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა 60 წლის ასაკში (+430).

ღირსი მარი მგალობელი

წმიდა მოწამე ფელიციტა

წმიდა მოწამე ფელიციტას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. როცა ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი, მან მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიციტა შესცქეროდა ძეების ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა 164 წლის მახლობლად.

წმიდა მოწამე ფელიციტა

წმიდა მოსე

წმიდა მოსე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (ერობაში – მიტროფანე) 1325 წელს აღსაყდრდა მღვდელმთავრის ტახტზე, მაგრამ ურთიერთქიშპობამ, შფოთმა და სხვა უბედურებებმა დაამძიმეს მისი სული და 1390 წელს ნებით გადადგა ეპისკოპოსობიდან. წმიდანმა ოცზე მეტი წელი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში, 1352 წელს კი სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის კათედრას. წმიდა მოსე ჭეშმარიტ მწყემსად მიევლინა ეპარქიას: ჩაგრულებს მფარველობდა, ღარიბ ქვრივებს შეეწეოდა, რჩევა-დარიგებით განამტკიცებდა კეთილმსახურებს; მან თავი მოუყარა მწერლებს და თავისი ხარჯებით მრავალი წიგნი გადააწერინა, ბევრი ტაძარი ააგო ნოვგოროდსა და მის შემოგარენში.
წმიდა მოსე
1359 წელს დასნეულებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი კვლავ გადადგა ტახტიდან, თავისსავე დაარსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სავანეს მიაშურა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (+25 იანვარი. 1362). წმიდანის ცხედარი პატივით დაკრძალეს საკათედრო ტაძარში.

 

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი