24 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა თეოდოსი დიდი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა „განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა“და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა „სიყუარული ღმრთისაჲ“ და ამ სოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა – დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: „კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი“, შემდეგ კი თავისთან იხმო, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა ტირილითა და გლოვით.

„ვერ ხელ-ეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა“, თევდოსის სათნო ცხოვრების ამბავიც გახმაურდა და უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმიდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო. თეოდოსიმ „ინება საფლავის აღშენებაჲ, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიჴსენიებდნენ და სარგებელ ეყოფოდის“.
წმიდა თეოდოსი დიდი
თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. „და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის“: დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, „ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს“. მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. „და ვითარ არარაჲ იხილა“, უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და „ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან“, მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და „შეეშინდა მსახურთა, ნუუკე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა“. ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. „ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა“, მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.

წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ;

ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, „სალმობასა თანა სიბერე დიდით“ დამძიმებულმა წმიდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით: „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,“ მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმიდანი პატივით დაკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა.

ღირსი მიხეილ კლოპელი

ღირსი მიხეილ კლოპელი ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს (1363 – 1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად. წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებებს და თავისი მშვენიერი, ღვთივსულიერი ხმით ყველას გულს ულბობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩამოვიდა დიმიტრი დონელის ვაჟი -კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მივიდა მკითხველთან, მასში თავისი ნათესავი მიხეილ მაქსიმეს ძე შეიცნო და თაყვანი სცა. სალოსმა მიუგო: „მხოლოდ ჩემმა შემქმნელმა ღმერთმა უწყის მე ვინა ვარ,” მაგრამ ის კი დაადასტურა, რომ მიხეილი ერქვა. ღირსი მამა 44 წელი ცხოვრობდა მონასტერში, დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტის უნარი მიმადლა. იგი ამხელდა ადამიანთა ნაკლოვანებებს და არ უფრთხოდა ძლიერთა ამა სოფლისათა.
ღირსი მიხეილ კლოპელი
ერთხელ ღირსმა მიხეილმა ქვიშაზე დააწერა: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო“ (ფს. 115,4), ამ ადგილას წყარო აღმოცენდება“. მართლაც, მიწიდან წყალმა ამოხეთქა. შიმშილობის დროს წმინდა მამის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა მონასტრის ბეღელში, თუმცა ბერები უხვად ურიგებდნენ მას დამშეულებს. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს (+დაახლ. 1453 – 1456წწ.). იგი დაკრძალეს იმ ადგილას, რომელზეც თვითონვე მიანიშნა.

წმინდა თეოდოსი

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).

წმინდა თეოდოსი

წმიდა თეოდოსი

წმიდა თეოდოსი, ტრაპიზონელი მიტროპოლიტი დაიბადა კასტორიის მთების მახლობლად, სოფელ კორიცაში. 18 წლისა ათონზე დაემკვიდრა, ფილოთეოსის სავანეში, სადაც მოსაგრე მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. წმიდანი ჯერ სავანის იღუმენად აირჩიეს, შემდეგ კი ტრაპიზონის ეკლესიის მიტროპოლიტად. წმიდა თეოდოსი მშვიდობით მიიცვალა XVI საუკუნეში

loading…

პოპულარული

"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი
დაწერე კომენტარი