23 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა გრიგოლ ნოსელი

წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.”

გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ – მაკრინამ (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.

დედის, დის, შემდეგ კი ძმის – ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!”
წმიდა გრიგოლ ნოსელი
როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”

370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.

ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი “ექუსთა დღეთათჳის” – განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ( „ადამიანის შექმნის შესახებ”).

გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

ღირსი მარკიანე

ღირსი მარკიანე – კონსტანტინეპოლის დიდი ტაძრის პრესვიტერი და იკონომოსი რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინეპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას, აღორძინებასა და შემკობას მოახმარა. მან ააგო და მდიდრულად მორთო წმიდა მოწამე ანასტასიის სახელობის ეკლესია და აქ გადმოასვენა წმიდანის უხრწნელი ნაწილები, ააშენა წმიდა მოწამე ირინეს ტაძარი. თავისი ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პარტიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც პრესვიტერად აკურთხა და კონსტანტინეპოლის დიდი საპარტიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი.
ღირსი მარკიანე
ღირსი მაკრიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში და დაკრძალეს კონსტანტინეპოლში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.

ღირსი დომენტიანე

ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი VI საუკუნეში ცხოვრობდა, იმპერატორ იუსტინე უმცროსის დროს. იგი ადრე დაქვრივდა, მონაზვნობა შეიმოსა და წმიდა თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წლის იყო წმიდანი, როცა ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყსოს მოსიყვარულე მღვდელმთავარს სახელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნენ სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად ღებულობდა მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მათ გლახაკებსა და უპოვრებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.

ღირსი დომენტიანე

წმიდა თეოფანე დაყუდებული

წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ირლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს. მამამისი ვასილი ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის ტაძარში მსახურობდა მღვდლად. დედა ტატიანა – მღვდლის ოჯახიდან იყო.

პატარა გიორგი მამას ხშირად დაჰყავდა ტაძარში, სადაც მსახურების დროს ან კლიროსზე იდგა, ან მამას ეხმარებოდა საკურთხეველში. ერთხელ, მწუხრის ლოცვის შემდეგ, დარაჯმა ბავშვი შემთხვევით სამრეკლოში გამოკეტა. გიორგის ბევრი არ უფიქრია, ზარის ენაზე გამობმული თოკით ჩამოსრიალდა მიწისაკენ. სასწაულებრივად გადარჩენილ ბავშვს ვასილიმ წინასწარმეტყველურად უთხრა: „ოჰო, ეგორუშკა, შენ ან ზარის მრეკველი გამოხვალ, ან – ეპისკოპოსი“.

მომავალმა წმიდანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, ლივენის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. გულისხმიერებით გამორჩეულმა ბავშვმა, ღვთის შეწევნით, ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, ასევე წარმატებით დაასრულა მან ჯერ ირლოვის სემინარია, შემდეგ კი – კიევის სასულიერო აკადემია. განმარტოებისაკენ მიდრეკილ გიორგის კიევო-პეჩორის ლავრის ბერებთან და სხვა მოსაგრეებთან ურთიერთობამ მონაზვნობის სურვილი აღუძრა. 1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს, მონაზვნობა შეიმოსა თეოფანეს (რაც „ღვთის განცხადებას“ ნიშნავს) სახელით. იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზვნად აკურთხეს.

წმიდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო: იგი მოღვაწეობდა კიევო-სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინეპოლის საელჩო ტაძარში; 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი – ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს. მადლმოსილი მღვდელმთავარი სიტყვით არწყულებდა ადამიანთა უდაბნოდ ქცეულ სულებს. წმიდა მამის ქადაგებები ისე იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, რომ მთელ ტაძარში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა და მისი სუსტი ხმა ეკლესიის ყველაზე მივარდნილ კუთხეშიც კი კარგად ისმოდა.

ნეტარი მღვდელმთავრის სიტყვა და საქმე განუყოფელი იყო, თავისი ცხოვრებითაც იგი კეთილმსახურების მაგალითს იძლეოდა: უბრალოდ ეცვა, ცოტას ჭამდა, ბევრს ლოცულობდა, უხეშ და ქედმაღლურ სიტყვას მისგან ვერავინ გაიგონებდა, უნდობლობა ადამიანის შეურაცხყოფად მიაჩნდა, უსაზღვროდ ენდობოდა მასზე დაქვემდებარებულებს და ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა.
წმიდა თეოფანე დაყუდებული
წმიდა თეოფანე აღადგენდა ტაძრებს, ზრუნავდა დაბალი ფენების განათლებაზე, ხსნიდა სამრევლო სკოლებს, ეხმარებოდა უმწეოებს და გაჭირვებულებს: როცა ტამბოვში საშინელი ხანძრები დაერთო ერთმანეთს და უამრავი ხალხი უსახლკაროდ დარჩა, იგი შეეწია განსაცდელში ჩავარდნილებს, განსაკუთრებით ღარიბ ღვთისმსახურთა ქვრივებსა და ობლებს, თავისი ბინა და საეპისკოპოსო სასტუმროს თავისუფალი შენობები უსახლკაროდ დარჩენილებს დაუთმო, თვითონ კი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.

ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებდა, თავადაც უსაზღვროდ უყვარდა ყველა, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ სარბიელზე უკვე შვებას ვერ პოულობდა – მასში მომწიფდა სურვილი, ანთებული სანთელივით დაღვენთილიყო უფლის წინაშე განმარტოებით, დაყუდებაში. 1866 წლის 17 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე წმიდა თეოფანე ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაანთავისუფლეს და ვიშის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს. უკანასკნელ წირვაზე, ვლადიმირში, მან სამწყსოს ასე მიმართა: „ღვთის გულისათვის, შემინდეთ, რომ გტოვებთ. მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე. მე ვილოცებ თქვენთვის. უფალს მიენდეთ“.

ვიშის უდაბნოში ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში წმიდა თეოფანეს მთავარი საქმიანობა ლოცვა და ღვთისმსახურება იყო. იგი გულღიად ხვდებოდა ახლობლებს, გულმოდგინედ უსმენდა რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და მოძღვრავდა მათ, ზოგჯერ მონასტრიდანაც გადიოდა, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი მას აცდენდა იმ ძირითადი საქმისაგან, რომლისთვისაც მონასტერში მოვიდა.

1872 წელს, პასექის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ადამიანებთან მან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, თავისთან ღებულობდა მხოლოდ მოძღვარს, უდაბნოს წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს და თავის მორჩილს – მამა ევლამპის. წმიდანმა თავის ერთ კელიაში მოაწყო ტაძარი ღვთის განცხადების სახელზე, სადაც საღვთო ლიტურღიას აღასრულებდა ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულის დღეებში, ხოლო ბოლო 11 წლის განმავლობაში ყოველდღე. წმიდანის ძირითადი მოვალეობა ლოცვა იყო: ზოგჯერ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ლოცულობდა დაუსრულებლივ. ღირსი მამა თავის თავში მარადიულ ხსოვნას საღვთო წიგნების კითხვით აღაგზნებდა: კელიაში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ავსებდა – თავისი პენსიის დიდ ნაწილს იგი სწორედ წიგნების შეძენას ახმარდა. ამ ბიბლიოთეკაში საერო წიგნებსაც შეხვდებოდით, „მოთხრობები და რომანები? მათ შორისაც არის კარგები“, – წერდა წმიდანი. „კარგებად“ ის კაცობრივი გონების იმ ნაყოფებს მიიჩნევდა, რომლებიც ბუნებასა და ისტორიაში ღვთაებრივი სიბრძნის, მადლმოსილების, ჭეშმარიტებისა და ადამიანებზე უფლის მზრუნველობის კვალზე მიგვანიშნებენ.

ღირსი თეოფანე დაყუდებული სამეცნიერო-ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო ღვაწლშიც იყო. იგი ეცნობოდა უამრავ ნაშრომს რუსულ და უცხო ენებზე, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებდა, შემდეგ დიდხანს ლოცულობდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერას.

ღირსი თეოფანე უანგარო მოღვაწე იყო. თავის ნაშრომებში ის არანაირ საზღაურს ღებულობდა, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლიარები ეგზავნებოდა, რომლებიც საჩუქრებისათვის იყო განკუთვნილი.

დაყუდებაში მყოფი მეუფე თეოფანე მნახველებს არ ღებულობდა, მაგრამ ფოსტას მასთან ყოველდღე 20-40 წერილი მოჰქონდა, რომლებშიც სულიერად შეჭირვებულები თავიანთ სატკივარს უმხელდნენ მას და რჩევა-დარიგებას თხოვდნენ. წმიდანი მოკლე და უმნიშვნელო წერილებსაც კი არ ტოვებდა უპასუხოდ.

ლოცვასა და გონებრივ სამუშაოს შორის შუალედებში წმიდანი ხელსაქმეობდა. მის კელიაში აღმოჩნდა მიკროსკოპიც, ტელესკოპიც, ფოტოაპარატიც, წმიდანს ჯერ ფიზგარმონზე, შემდეგ კი ვიოლინოზე დაკვრითაც უცდია განტვირთვა.

წმიდანმა ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი; მიიცვალა 1894 წლის 6 იანვარს – საოცარი დამთხვევაა! – სწორედ უფლის განცხადების დღესასწაულზე. როცა მორჩილი მის კელიაში შევიდა, იგი მშვიდად იწვა თავის საწოლზე, მარცხენა ხელი გულზე დაედო, ხოლო მარჯვენა ხელის თითები თითქოს სამღვდელმთავრო კურთხევისათვის გაემზადებინა. როცა საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულ წმიდანს მღვდელმთავრის სამოსელს აცმევდნენ, ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაკრთა ღიმილი მის სახეზე.

წმიდა მამის მორჩილმა ევლამპიმ ვერ გაუძლო მოძღვართან განშორების მწუხარებას – ორ კვირაში ისიც მიიცვალა.

დაწერე კომენტარი