22 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

შავი ჩაი ასკილით

წმიდა პოლიევქტო

წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა: „ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით: მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე.” წმიდანმა პასუხად მიუგო, რომ ძილში იხილა ქრისტე, რომელმაც ახალი, ბრწყინვალე სამოსით შემოსა იგი. „ამ წუთიდან, – თქვა მან, – მე მზად ვარ ქრისტეს სამსახურისათვის.”
წმიდა პოლიევქტო
სულით ანთებული პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები.

პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფელოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება, თავზარი დასცა სიძის საქციელმა. „ახლა შენ უნდა მოკვდე! – თქვა მან, – წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს.” ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს უარეყო ქრისტე, ფელოქსსაც ცრემლები წასკდა, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვლევინა განზრახვა, – მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს და საკუთარი სისხლით მოინათლა (+259). მალე, როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. ამ ტაძარში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. უშვილობით გატანჯული ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) მშობლებიც აქ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას და წმიდანის მეოხებით შეუსრულდათ კიდეც სათხოვარი. წმიდანის ხსოვნის ღრმა თაყვანისმცემელი იყო მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელიც – III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი მოღვაწე. წმიდა პოლიევქტო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად.

ღირსი ევსტათი

ღირსი ევსტათი ქალაქ ტარძსში დაიბადა. 20 წლის წმიდანმა ფარულად დატოვა ოჯახი, აგვაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვირა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში ღირსი ევსტათი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში იმალებოდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა.
ღირსი ევსტათი
სიკვდილის წინ იღუმენმა დამოძღვრა ძმები: მიწიერ კეთილდღეობას ნუ მიემსჭვალებით, საუკუნო ცხოვრებაზე იფიქრეთ გამუდმებით, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და სიტყვებით – „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,” – მშვიდობით მიიცვალა, 95 წლის ასაკში.

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი ერთგული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის მამა _ ბოიარი სტეფანე ივანეს ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის. დედა კი – კეთილმსახური ბარბარე, გულწრფელი სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშების მარცვლებს თესდა მის სულში (ბარბარე შემდგომ მონაზვნად აღიკვეცა ბარსანოფიას სახელით). ყმაწვილი საოცარ გულმოდგინებას იჩენდა საღვთო წერილისა და წმიდა მამათა ნაშრომების შესწავლაში. მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. მომავალ წმიდანს არ იზიდავდა სასახლის კარის ამაოებით აღსავსე და ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება. ის კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდა სასულიერო ლიტერატურას, უმატა ტაძრებში სიარულს. მოსკოვის სულისშემხუთველი ატმოსფერო თრგუნავდა წმიდანს, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი. კარგა ხანი ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა. აქ წმიდანი ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ასრულებდა: შეშას ჭრიდა, მიწას ამუშავებდა, წისქვილში მუშაობდა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.
მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი
1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის: შეადგინა ახალი წესდება, ააგო ორი დიდებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელზე. თვითონაც რიგითი მუშაკივით მუშაობდა მშენებლებს შორის. ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მან საკუთარი ხელით გაითხარა სამარე თავისი მოძღვრის იონას საფლავის გვერდით. მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა.

18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს მოაგონდა და გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა: იოანესთან იგი სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაენადგურებინა ოპრიჩნინა – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, იოანე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი მღვდელმთავარი გახდა.

ივანე მრისხანე, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წინააღმდეგობრივი ისტორიული მოღვაწე, დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა: ის იყო ნიჭიერი მწერალი და ბიბლიოგრაფი, თავად ღებულობდა მონაწილეობას მატიანეების შედგენაში და თავადვე მოულოდნელად გაწყვიტა მოსკოვის ჟამთაღმწერლობის ჯაჭვი, კარგად ერკვეოდა სამონასტრო წესდებაში, არაერთხელ უფიქრია ტახტიდან გადადგომასა და ბერად აღკვეცაზე. ივანე მრისხანე თავისი მოღვაწეობის ყოველ ნაბიჯს, სასტიკ ზომებს, რომლითაც ცდილობდა რუსული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეულ გარდაქმნას, ისტორიაში ღვთის Nნების გამოვლინებად თვლიდა. მისი საყვარელი წმიდანები იყვნენ მიხეილ ჩერნიგოველი (ხს. 20 სექტემბერი) და წმიდა თევდორე შავი (ხს. 19 სექტემბერს ) – მოღვაწეები, რომელთაც რთული, წინააღმდეგობრივი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ გაბედულად ძლევდნენ სიძნელეებს სამშობლოსა და ეკლესიის მსახურების გზაზე და მტკიცედ მიიწევდნენ სანუკვარი მიზნისაკენ. რაც უფრო მეტად მჭიდროვდებოდა შავი ჯანღი ივანეს ირგვლივ, მით უფრო ითხოვდა მისი სული სინანულით განწმედას. ერთხელ, წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში ღვთისმსახურებაზე ჩასულმა მეფემ იღუმენისა და ძმათა კრებულის წინაშე ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა და ფერხთით ჩაუვარდა წინამძღვარს, მანაც მონაზვნობის კურთხევა მისცა მონანულ თვითმპყრობელს. ამ დღიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების მანძილზე „მელანდება მე დაწყევლილს, რომ ნახევრად უკვე შაოსანი ვარ”, – წერდა ივანე მრისხანე. თვით ოპრიჩნინაც მას მონაზონთა სახით ჰქონდა ჩაფიქრებული: მას შემდეგ, რაც იარაღითა და საბრძოლო ღვაწლით სამსახურს აღასრულებდნენ, ოპრიჩნიკებს მონაზვნური სამოსელი უნდა შეემოსათ და ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას დასწრებოდნენ, რომელიც დილის 4 საათიდან 10 საათამდე გრძელდებოდა, „ძმას”. რომელიც დილის 4 საათზე არ გამოცხადდებოდა ღვთისმსახურებაზე, მეფე-იღუმენი ეპიტიმიას ადებდა. თვითონ იოანე ვაჟიშვილებთან ერთად ლოცულობდა და საეკლესიო გუნდშიც გალობდა. ტაძრიდან ოპრიჩნიკები სატრაპეზოში მიდიოდნენ, ჭამის დროს მეფე თვალყურს ადევნებდნენ მათ. ნარჩენ სანოვაგეს მეომრები მაგიდიდან კრეფდნენ და სატრაპეზოდან გამოსვლისთანავე გლახაკებს ურიგებდნენ. ივანე მრისხანე, დიდი მამების მიბაძვით, ცრემლებით ცდილობდა თავისი და თავისი თანამებრძოლთა ცოდვების ჩამორეცხვას . იგი თავს ირწმუნებდა იმაში, რომ ყველაზე საშინელ და სასტიკ ქმედებებსაც კი რუსეთის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებლობის სადიდებლად ჩადიოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეფის ბრძანებით, შეადგინეს მისი ოპრიჩნიკებისა და პირადად, მის მიერ დახოცილთა სრული ნუსხა და დაგზავნეს რუსეთის მონასტრებში. ერის წინაშე ჩადენილი მთელი ცოდვის სიმძიმეს ივანე მრისხანე საკუთარ თავზე იღებდა და ევედრებოდა წმიდა ბერებს, ელოცათ მისი გატანჯული სულის საოხად.

ივანე ცრუ-მონაზვნობა, პირქუშ უღლად ქედზე რომ აწვა რუსეთს, აღაშფოთებდა ფილიპეს. იგი თვლიდა, რომ არ შეიძლება მიწიერისა და ზეციურის აღრევა, არ შეიძლება ერთდროულად ემსახურო მახვილსაც და ჯვარსაც. მით უმეტეს, რომ წმიდა ფილიპე ხედავდა, თუ რამდენი მოუნანიებელი ბოღმა და სიძულვილი იმალებოდა ოპრიჩნიკთა შავი სამოსელების Qქვეშ. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, გამომძალველები და მძარცველები.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და გადაეცათ იგი პოლონელებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვარს მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს. ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა. საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის მოხდა 1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: „ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!” და დასძინა: „თქვენ მე ძალიან რბილად გეპყრობით!”

მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრამ იმატა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკების სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც. „მე, ჩემი წინაპრების მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად – მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!” – აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი. მან უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე. წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურღია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და უბრალო მარხილით წაიყვანეს ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზეც დიდი ხუნდი ედო. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა. სიკვდილამდე სამი დღით ადრე განჭვრიტა მღვდელმთავარმა თავისი სიკვდილი და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. ფილიპეს წმიდა ნაწილები ჯერ იქვე, მონასტერში გადაასვენეს (1591 წ. 11 აგვისტოს), ბოლოს კი – მოსკოვში (1652 წ. 3 ივლისს).

წმიდა მღვდელმთავარმა ფილიპემ მრავალი სასწაული აღასრულა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.

წინასწარმეტყველი სამე

წინასწარმეტყველი სამე ცხოვრობდა მეფე სოლომონისა და მისი ძის, რობიამის დროს, რომელთაც, ღვთის სახელით, აუკრძალა ბრძოლა დავითის შტოსაგან გამოყოფილ 10 ებრაელ ტომთან.

წინასწარმეტყველი სამე

წმიდა პეტრე სებასტიელი

წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხს. 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას (ხს. 19 ივლისს).
წმიდა პეტრე სებასტიელი
პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი