15 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

15 იანვრის  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

წმიდა სილიბისტრო

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღწვოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.
წმიდა სილიბისტრო
მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმიდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

ღირსი სერაფიმე საროველი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა – ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება.
ღირსი სერაფიმე საროველი
პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანისაცემად. სქემ-მონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ახალი მორჩილი სიხარულით ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, ისე გულმოდგინედ იღწვოდა, თითქოს თავად უფალს ემსახურებაო. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა, ყველაზე საშიში საცდურია.

ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. „მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი,” – უთხრა მან მამა პახუმის და ზიარება მოითხოვა. და აი, მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისემეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა.

წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე მსახურებდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურღიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა. 1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.

ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმიდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.

როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ, მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმიდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვა-ლოცვაზე მაინც მისულიყო მათთან, ან საერთოდ დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორ მანძილზე სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის, ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

მღვდელმოწამე თეოგენი

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს. აქ შემდგომში უამრავი კურნება აღესრულებოდა.

მღვდელმოწამე თეოგენი

დაწერე კომენტარი