13 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

13 იანვრის  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

ღირსი მელანია

ღირსი მელანია რომაელი ძალიან მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. წმიდა მელანიამ აუხსნა თავის კეთილშობილ და გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს – ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ – მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა უფლის რჩეულებისგან, აკურთხა მათი არჩევანი და ლოცვებში მოხსენიება ითხოვა. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს – ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი – ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებს ღებულობდნენ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები. როცა წმიდა ცოლ-ქმარმა სამშობლო დატოვა და აფრიკისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ატყდა. მეზღვაურებმა ეს ღვთის რისხვის გამოვლენად ჩათვალეს, მაგრამ ნეტარმა მელანიამ დაამშვიდა ისინი და ურჩია, ყოვლის შემოქმედის ნებას მინდობოდნენ. ტალღებმა გემი ერთ კუნძულთან მიაგდო. კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ბარბაროსები შემორტყმოდნენ გარს და მის მკვიდრთაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის განადგურებით იმუქრებოდნენ. მელანიამ და აპინიანემ საჭირო რაოდენობის თანხა გაიღეს და ქალაქი და მისი მცხოვრებლები დაღუპვისაგან იხსნეს. აფრიკაში ჩასვლის შემდეგაც ცოლ-ქმარი უშურველად ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს. ამასთან, მელანია წმიდა წიგნებს იწერდა და უქონლებს ურიგებდა. ნეტარმა საკუთარი ხელით შეიკერა ჯვალოს სამოსი და მას არასოდეს იხდიდა.

აფრიკაში წმიდანებმა შვიდი წელი დაჰყვეს, შემდეგ კი, ყოველგვარი სიმდიდრე დაუტევეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერუსალიმში მელანიამ და აპინიანემ დარჩენილი ოქროც გლახაკებს განუყვეს და უპოვარებასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. ეგვიპტეში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ბევრი მეუდაბნოე მამა მოინახულეს, წმიდა მელანია ელეონის მთაზე მდებარე განმარტოებულ სანაკში გამოიკეტა და იშვიათად ხვდებოდა აპინიანეს. თანდათანობით სანაკის გასწვრივ წარმოიქმნა მონასტერი, რომელშიც ცხრაასამდე ქალწულმა მოიყარა თავი. თავმდაბლობის გამო მელანიამ უარი განაცხადა სავანის იღუმენობაზე და უწინდებურად განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით სავანეში აშენდა სამლოცველო და საკურთხეველი, სადაც წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, სტეფანე პირველმოწამისა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ნაწილები დააბრძანეს. ამ ხანებში წმიდა აპინიანემ სული უფალს შეჰვედრა. ნეტარმა მელანიამ მიწას მიაბარა მისი ცხედარი და დაახლოებით ოთხი წელი გაატარა მის საფლავთან მარხვითა და ლოცვით.
ღირსი მელანია
ამის შემდეგ წმიდა დედამ გადაწყვიტა, მთაზე, საიდანაც ამაღლდა ქრისტე, მამათა მონასტერი აეგო. უფალმა აკურთხა მისი განზრახვა და გამოაჩინა ქრისტესმოყვარე ადამიანი, რომელმაც უხვი შესაწირი გაიღო სავანის მოსაწყობად. მელანიამ მიიღო თანხა და ერთ წელიწადში განასრულა ეს დიდი საქმე. ამის შემდეგ მელანიამ დატოვა იერუსალიმი და თავისი წარმართი ბიძის მოქცევის იმედით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ჩასულ წმინდანს ბიძა დასნეულებული დაუხვდა. მელანიას საუბრების გავლენით ამ უკანასკნელმა წარმართობა დაუტევა და ნათლისღებით განწმენდილი სული შეჰვედრა უფალს. იმ ხანებში დედაქალაქის მრავალ მკვიდრს აშფოთებდა ნესტორის ერეტიკული სწავლება. წმიდა მელანია სიხარულით ღებულობდა ყველა დაბნეულს, რომელიც დახმარებას ითხოვდა მისგან. ნეტარი დედის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. თავის მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მოსაგრემ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ამის შესახებ ხუცესსა და დებს აუწყა. ყველანი ძალიან დამწუხრდნენ და აცრემლებულებმა მოისმინეს ღვთის რჩეულის უკანასკნელი დარიგება. ბოლოს წმიდა მოსაგრემ ითხოვა, ელოცათ მისთვის, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.

წმიდა ზოტიკე ხუცესი

წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი – ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი – კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმიდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას „ობოლთმზრდელი“ შეარქვეს. ამ დროს კონსტანტინოპოლში კეთრი მომძლავრდა. წმიდა ზოტიკემ კონსტანტინე მეფისგან ფული გამოითხოვა და ააგო საავადმყოფო, სადაც კეთროვნებს უვლიდა და ნუგეშს სცემდა.
წმიდა ზოტიკე ხუცესი
კონსტანტინე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე, კონსტანციუსი (337-361), რომელიც არიანელთა მწვალებლობის მიმდევარი იყო. მას მოახსენეს, ზოტიკე ხუცესმა განსვენებული იმპერატორისგან დიდძალი თანხა მიიღოო. როცა წმიდანი დაკითხეს ამის შესახებ, მან უსჯულოებს საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი აჩვენა. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ ნეტარი და ქვა-ღორღზე ეთრიათ. ერთიანად ხორცდაფლეთილმა და დასახიჩრებულმა წმიდანმა ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს. მისი აღსასრულის ადგილას მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

 

ღირსი საბიანა

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც.
ღირსი საბიანა
განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა – მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას – „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.

შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

loading…

პოპულარული

რა განსხვავებაა ქალის და კაცის „გულაობას“ შორის - ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუს“ სტუმარს დაუპირისპირდა (ვიდეო)
"პატარა მაქსიმემ მეზობელი შეაწუხა და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, ჭკუა უნდა ასწავლონ"
"არ შეიძლება, ჩემი ცოლისთვის ამხელა თაიგულის ჩუქება"- პრინცი ჰარი მეგანის თაყვანისმცემელს "გაუბრაზდა" (ფოტო, ვიდეო)
სამი მილიონი შვილის გამოსასყიდად - ვინ არის თბილისში, ვაკიდან გატაცებული 25 წლის ბიჭი
დაწერე კომენტარი