3 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი ილარიონ დიდი

ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული – ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.
ღირსი ილარიონ დიდი
ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.

წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი – ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).

წმიდა ილარიონ მეგლინელი

წმიდა ილარიონ მეგლინელი დიდგვაროვანი კონსტანტინოპოლელი ბერძენი იყო. იგი თვრამეტი წლის ასაკში განერიდა ამსოფლიურ სიამეებს და ბერად შედგა. მალე ნეტარი მამა კეთილმსახური და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისთვის სავანის წინამძღვრად აკურთხეს. წმიდანი გულმოდგინედ ზრუნავდა მისთვის მინდობილი სულების ხსნისთვის და ძმებს მოუწოდებდა, გაფრთხილებოდნენ საცხოვნებლად მონიჭებულ ძვირფას დროს. 1134 წელს უფლის რჩეულს მეგლინის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ხარისხში მან ბევრი იღვაწა იმ ხანებში ბულგარეთში ფართოდ გავრცელებული ბოგომილების და მონოფიზიტთა მწვალებლური სწავლებების სამხილებლად. წმიდა მღვდელმთავარი 1164 წელს გარდაიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 1206 წელს მეგლინიდან ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს. 21 ოქტომბერს ეკლესია სწორედ ამ მოვლენას იხსენიებს.

წმიდა ილარიონ მეგლინელი

ღირსი ფილოთეოზ ათონელი

ღირსი ფილოთეოზ ათონელი ელატიაში დაიბადა. თურქების შიშით მისი მშობლები მაკედონიაში, ქრისოპოლში გადასახლდნენ. მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა. ყრმა ფილოთეოზი ძმასთან ერთად თურქებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც თავად ღვთისმშობელმა გამოიხსნა სასწაულებრივად. ყოვლადწმიდა ქალწული ბავშვებს დედის სახით გამოეცხადა და ქალაქ ნეაპოლის (მცირე აზია) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა. აქ ძმები ბერად აღიკვეცნენ.

გავიდა წლები. ფილოთეოზის დედა, ევდოკია, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არაფერი სმენოდა შვილების შესახებ, ღვთის საკვირველი განგებულებით, ნეაპოლშივე ჩავიდა და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: „ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!“ ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოზმა ათონის წმიდა მთას მიაშურა, სადაც ჯერ დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდა, შემდეგ კი სრული მდუმარებისთვის განმარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმიდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმიდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში.

წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე

წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.

გაიოზი და ზოტიკე

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი