26 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.

70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი – ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.
ენკენია
მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა, აეგო ახალი ტაძარი, მაცხოვრის ხსოვნასთან დაკავშირებული ადგილები წარმართული საკულტო ნაგებობებისგან გაეწმინდა და ხელახლა ეკურთხებინა. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმიდეების განახლების საქმისთვის. წმიდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა. იესო ქრისტეს ჯვრის მოძიების სურვილით ანთებულმა ელენემ დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა. იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს, რომლის მახლობლადაც სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. ამ ჯვრებში სასწაულებრივ გამოარჩიეს ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ სხვა სასულიერო პირთა თანხლებით აამაღლა შემოკრებილი ურიცხვი ხალხის დასანახად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი).

წმიდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა (ინ. 19,41-42). აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმიდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო. იერუსალიმში ყოფნისას კეთილმსახურმა დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას.

მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად „მარტირიონად“ სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ სატფურებას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა.

წმიდა კორნილიოს ასისთავი

წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.

ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, „ჟამსა მეექუსესა“, პეტრე მოციქული ბანზე ავიდა და ლოცვად დადგა. უეცრად მან იხილა განხმული ციდან გარდამომავალი, ოთხივე კიდით „ზეცით ქუეყანად ზე-დამოკიდებული“ ტილოს მსგავსი ჭურჭელი, „რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი“. ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც მოციქულს უბრძანებდა, დაეკლა და ეჭამა ყველაფერი, რასაც ხედავდა. პეტრემ გაიოცა და იუარა, პასუხად კი მიიღო: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს“. ასე განმეორდა სამჯერ (საქმე, 10; 1-16). ამ ხილვით უფალმა თავის მოციქულს წარმართთა შორის ქადაგებისკენ მოუწოდა: ფრინველები და ქვეწარმავლები სწორედ წარმართთა სახე იყო, ტილოს სამგზის „შთამოსვლა“ კი „სამგზის შთაყოფასა მოასწავებდა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა“. მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.

ამის შემდეგ წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაში იყო განსწავლული, სძულდა ქრისტიანობა და წარმართულ ღვთაებებს, განსაკუთრებით კი აპოლონსა და დიოსს (ზევსს) სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, მსწრაფლ მოუწოდა თავისთან და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნეტარმა მიუგო: „მონაჲ ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქა, რაჲთა აღმოგიყვანო შენ სიღრმით და სიბნელით უმეცრებისაჲთ და შეგაერთო ნათელსა ჭეშმარიტსა“. მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, გარკვეული პასუხი გაეცა შეკითხვებზე. მაშინ წმიდანმა მოუთხრო, ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო „დიდსა საცთურსა შინა მყოფ ხართ და მოვედ, რაჲთა საცთურისაგან გიჴსნნე“ – ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ვიქადაგოო. კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის.
წმიდა კორნილიოს ასისთავი
წარმართულ ტაძარში შეყვანილმა უფლის რჩეულმა აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად იქცა. მომხდარი სასწაულის მხილველი ხალხი შეძრწუნებამ მოიცვა, მთავრის რისხვას კი რისხვა დაემატა. მან ახლობელ კარისკაცებთან დაიწყო თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ დაეღუპა კორნილიოსი. ხელფეხშებოჭილი წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე საკერპოს ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარს ეს რომ ესმა, „დაიპო სამოსელი თჳსი და დიდი გლოვითა შეპყრობილ იქმნა“. აცრემლებულმა ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების ძვლები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას – ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მძჳნვარისა ამის განსაცდელისაგან თჳსისა მონისა კორნილიოსის მიერ“. საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა მისი ცოლ-შვილის მხსნელი, მაგრამ წმიდანი ანგელოზს უკვე დაეხსნა საკვრელთაგან – იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და ადიდებდა უფალს. მთავარმა კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამეობრივი აღსასრულიც ჰპოვა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე

წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას – უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს, ეწამნენ ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე. ერთი ცნობით, ვალერიანეს მარტვილთა ცხედრებთან მწუხარებასა და ტირილში ამოხდა სული.

ლუკიანე და ვალერიანე

წმიდა ქეთევანი

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.

გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.

სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.

ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.

გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული – ლევანი, ალექსადნრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და – ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილების ღვარძლს.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც – წმიდა ქეთევანიც გააყოლა: „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან“. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.

ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.

შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები – წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები – შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს – ლევანსა და ალექსანდრეს.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს – მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.

შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.
წმიდა ქეთევანი
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.

უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

ღირსი იეროთეოსი

ღირსი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა საბერძნეთში. იგი ცდილობდა, ღვთაებრივი სიბრძნე მოეძია მეცნიერებებშიც და მონაზვნურ ცხოვრებაშიც. გულისხმიერებითა და გულმოდგინებით გამორჩეული ჭაბუკი ღრმად დაეუფლა რომაულ და ბერძნულ ფილოსოფიას. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან ათონის მთას მიაშურა. თავდაპირველად ერთ განდეგილს დაემოწაფა წმიდა არტემის (ხს. 20 ოქტომბერს) სენაკის მახლობლად, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საძმოში დამკვიდრდა და ბერად აღიკვეცა. მალე იეროთეოსი მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, შემდეგ ვლახეთში მოხვდა, სადაც, უფლის მითითებით, შეწყვეტილი განათლება განაგრძო. ნეტარმა თავისი ღვთისმოშიშებით სოფიელი მიტროპოლიტის, ავქსენტის კეთილგანწყობა მოიპოვა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. შემდგომ მან ვენეციაში განაგრძო განათლება, ბოლოს კი კვლავ ათონის წმიდა მთას დაუბრუნდა. იეროთეოსი ივერთა მონასტრის მახლობლად, ჰაგის უდაბნოში დამკვიდრდა. თანამედროვეთა მოწმობით, ღირსი მამა საოცრად მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ივერთა მონასტრის იღუმენის შუამდგომლობით წმიდანი სავანეში დასასვენებლად ჩასულმა ნეოკესარიელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ხუცესად აკურთხა.

მღვდელმსახურთა გარეშე დარჩენილ კუნძულ სკოპელის მკვიდრთა თხოვნით მოსაგრემ დატოვა განმარტოებული ცხოვრება, ღვთისმსახურებას აღასრულებდა მათ შორის და ბევრს ქადაგებდა.

წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება და სამ მოწაფესთან ერთად მიაშურა კუნძულ იურას, რომელიც სამუდამო პატიმრობამისჯილი დამნაშავეებით იყო დასახლებული. ღირსმა იეროთეოსმა აქ შეჰვედრა სული უფალს 1745 წელს. მოწაფეებმა ნეტარის ნეშტი კუნძულზე დაკრძალეს, სამი წლის შემდეგ კი მისი პატიოსანი თავი ივერთა მონასტერში გადააბრძანეს.

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.

კრონიდე

ღირსი პეტრე ატროელი

ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოსაგრეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

დაწერე კომენტარი