25 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

მღვდელმოწამე ავტონომე

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი – მღვდლად აკურთხა. ამ ხანებში ავტონომემ სახარების სწავლებით ლიკაონია და ისავრიაც მოიარა.
მღვდელმოწამე ავტონომე
ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს ქადაგებით ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები „მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა“, დაამსხვრიეს კერპები, „მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ“. კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში – „სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა“. დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას.

კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობაში წმიდა ავტონომეს საფლავზე ტაძარი ააგეს. დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმთავარმა დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წლის შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება, აშენდა მისი სახელობის ტაძარიც.

მღვდელმოწამე კორნუტი

მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით – იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ნებით გამოცხადდა იკონიის მმართველთან, ამხილა იგი კერპთმსახურებაში და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის წმიდა კორნუტი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ფეხებზე ბორკილები დაადეს. ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ ხალხის დასაცინად. ნეტარს სისხლი ღვარად სდიოდა ფეხებიდან. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (ბერძნულ თვენსა და სხვა წყაროებში მღვდელმოწამე კორნუტი კურნუტის სახელით იხსენიება. იხ. 17 აგვისტოს საკითხავიც).

მღვდელმოწამე კორნუტი

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. მმართველის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო იგი და როგორ დაშრიტა ცეცხლი, ნეტარმა მიუგო: „მე ღვთისმსახური ვარ!“ ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. უკანასკნელ ლოცვაში წმიდანმა მხურვალე მადლობა შესწირა უფალს, ევედრა, სატანჯველთა დათმენის ძალი მიემადლებინა მისთვის და მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება).

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე

წმიდა მოწამე თეოდორე

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უსჯულოებმა სასტიკად გვემეს იგი, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავს, ქალაქში დაატარებდნენ და დასცინოდნენ, შემდეგ ზღვის ნაპირას აღმართულ კლდეზე აიყვანეს და მორევში ჩააგდეს. უეცრად ქარი ამოვარდა და ტალღებმა უფლის სათნომყოფელი უვნებლად გამორიყა ნაპირზე. გაოგნებულმა უღმრთოებმა ნეტარი თეოდორე ქალაქის თავს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი ბრძანება გასცა, სასტიკად ეწამებინათ იგი. მხნე აღმსარებლის ბაგეებს ლოცვის გარდა არც ერთი სიტყვა არ დასცდენია. ბოლოს უღონოქმნილმა წარმართებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე თეოდორე

წმიდა დოსითეოზ თბილელი

წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.

საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა.

1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა“, თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს, მაგრამ აღარ გაუშვეს, ძალით გაიყვანეს გაღმა. ხიდზე გასულმა მეფემ წმიდა აბოს შეავედრა საქართველო. 11 სექტემბერს, ღამით, მთელი თბილისი ცეცხლის ალში გაეხვია, ძარცვავდნენ და კლავდნენ მოსახლეობას, ცეცხლს მისცეს წიგნსაცავები, დაარბიეს სტამბა, გაძარცვეს ეკლესიები, გაიძარცვა მეფე ერეკლეს სასახლეც. ურჯულოები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ სასულიერო პირებს, თავებს ჭრიდნენ და მტკვარში ყრიდნენ მათ წმიდა სხეულებს.
წმიდა დოსითეოზ თბილელი
ქალაქის დარბევისა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.

ვერანაირი სატანჯველებით ვერ გატეხეს ღვთისმსახურთა სარწმუნოება, წმიდა დოსითეოსმა და მთელმა მისმა სამღვდელო დასმა სიკვდილი ირჩია ქრისტესთვის. უსჯულოები ხელ-ფეხშეკრულ სამღვდელოებს სათითაოდ აგდებდნენ მდინარეში, წმიდა დოსითეოსს კი „სამღვდელმთავრი შეღავათი მისცეს“ – წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი – „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.
ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი
წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.

დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

დაწერე კომენტარი