20 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოზამე სოზონტი

წმიდა მოზამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა.
წმიდა მოზამე სოზონტი
ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე და განაცხადა, კერპს ხელი მე მოვკვეთეო: „მსურდა თქვენი ღმერთის უძლურებაში დავრწმუნებულიყავი, და მართლაც, მას ჩემთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნეტავ, მთლად დამამსხვრევინა იგი, რომ ხალხმა საკუთარი ქმნილების თაყვანისცემა შეწყვიტოს“. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304). იმპერატორის ბრძანებით მსახურებმა მოწამის ცხედრის დასაწვავად დიდი კოცონი დაანთეს, მაგრამ უეცარმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს მოწამის ცხედარი და პატივით მიაბარეს მიწას.

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.

წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ევოდი
წმიდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (2 ტიმ. 1.16-18). წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი – კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს – მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. უფლის რჩეულს ჭრილობებიდან რძე და სისხლი ერთად სდიოდა. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

 

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი