19 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

 

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა.

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს.
 მთავარანგელოზი მიქაელი
ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე რომილე

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს.
წმიდა მოწამე რომილე
სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად.

როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა მართლმორწმუნე, რომელიც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა, ქრისტიანთა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიდგვაროვნებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავი აარიდეს მოსალოდნელ ტანჯვა-წამებას და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნნენ. ევდოქსიმ დატოვა მაღალი თანამდებობა და მეუღლესთან – ბასილისასთან და მთელ სახლეულთან ერთად სომხეთის ქალაქ მელიტინას მიაშურა.

როცა ქალაქის მმართველმა წმიდანის ჩამოსვლა შეიტყო, მხედრები გაგზავნა მის მოსაძებნად. მეომრები შეხვდნენ გლახაკის სამოსელში გადაცმულ მარტვილს, ვერ იცნეს იგი და ევდოქსის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. წმიდანმა თავისი ვინაობა დამალა, სახლში მიიწვია მეომრები და ღამეც გაათევინა. მხედრებთან შეხვედრა მან უფლისგან მოწამეობრივი ღვაწლისთვის მოწოდებად აღიქვა და დილით სტუმრებს თავისი ვინაობა განუცხადა. მეომრები შეწუხდნენ და ევდოქსის შესთავაზეს, „არა განგცეთ ჩუენ კეთილი ეგე მასპინძელი ჩუენი, არცა მივაგოთ ბოროტი უცხოთმოყვარებასა შენსა“; მაგრამ მარტვილმა უარი განაცხადა. მან მეუღლეს მოუხმო, „განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ განუწესა“ და სთხოვა, ჩემი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს კი ნუ იგლოვ, იზეიმეო. ევდოქსის თან გაჰყვნენ მეუღლე ბასილისა და მისი მეგობრები – ზენონი და მაკარი. ქალაქის თავი წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის საფასურად სიცოცხლის, მაღალი მდგომარეობისა და ქონების შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ნეტარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. იქვე მდგომმა ათასზე მეტმა მეომარმა, ქრისტეს ფარულმა აღმსარებელმა, მიჰბაძა ნეტარს. შეცბუნებული მმართველი იმპერატორს დაეკითხა, როგორ მოქცეულიყო, „ხოლო მან უბრძანა, რაჲთა წინამძღუარნი იგი ესევითარისა მის კადნიერებისანი მძიმეთა სატანჯველთა შესთხინეს, ხოლო სხჳსა მის ერისათჳს, ვითარცა თჳთ ენებოს, ეგრეთ განაგოს“. წმიდა ევდოქსი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასასჯელად გაიყვანეს. აღსასრულის წინ მარტვილი იქვე მდგომ აცრემლებულ ბასილისასკენ მიბრუნდა, გაამხნევა და სთხოვა, მიმნად წოდებულ სოფელში დაეფლა მისი გვამი; შემდეგ მეგობარს – ზენონს უწინასწარმეტყველა, ერთად წარვდგებითო უფლის წინაშე. ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა ზენონმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე. მეუღლის ხვედრის გაზიარების მოსურნე ბასილისამ უშიშრად ამხილა უსჯულო ხელისუფალი. ქალაქის თავი მიხვდა მხნე აღმსარებლის გულისწადილს, არ აწამა იგი და გააძევა. წასვლის წინ ნეტარმა დედამ მტარვალს მიმართა: შენი ხელით სიკვდილი თუ ვერ ვპოვე, გგონია, გვირგვინს დავაკლდები? დაფარულთა მხედველი ჩემი მეუფე მარტვილობის სურვილსაც აღსრულებულ ღვაწლად მიმითვლის და ჩემი ქმრის თანასწორ საზღაურს მომაგებს!

შვიდი დღის შემდეგ ევდოქსი ძილში ეჩვენა ბასილისას და ამცნო, ჩემს მეგობარსა და ეზოსმოძღვარ მაკარის გადაეცი, რომ მე და წმიდა ზენონი მის მოსვლას ველოდებითო. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მმართველთან, აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. ამ დროს კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებისათვის (+311-312).

ღირსი დავითი

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა (VI).

მღვდელმოწამე კირილე

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს (ცხოვრება იხილეთ 9 ივლისის საკითხავში).

მღვდელმოწამე კირილე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი არქიპო

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

ღირსი არქიპო

დაწერე კომენტარი