17 სექტემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

 

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ. ერთხელ უღმრთო იმპერატორმა – ერთი ცნობით – დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით – ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს – ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, „მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან“. მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, „აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა“ და სასახლეში გაბრუნდა.

მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: „ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე“.
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა
იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, „შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა“ ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, „რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!“ ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: „შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა“.

წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, „მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი – იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა“. მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, „თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი“. მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ – ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას – ათი, ნაბოლარას კი – შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა.

წმიდა მოსე წინასწარმეტყველი

წმიდა მოსე წინასწარმეტყველი, ებრაელთა წინამძღვარი და სჯულისმდებელი, ლევიტელთა ტომის ჩამომავალი იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა მაშინ, როცა ტყვედ წასხმული ისრაელები აქ მონობის უღელქვეშ იტანჯებოდნენ. ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ერი არ გამრავლებულიყო. ამ ბრძანების შიშით მოსეს დედა სამი თვე მალავდა შვილს, შემდეგ კი, „ვითარ იგი ვერღარა ეძლო დამალვად“, გაფისულ კიდობანში ჩააწვინა და მდინარის პირას, ლერწმოვანში დატოვა. აქ ყრმა საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ასულმა იპოვა, შეებრალა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.

მეფის სასახლეში მოსე ფუფუნებით ცხოვრობდა, ეგვიპტურ მწიგნობრობაში განისწავლა, მაგრამ თავს მშვიდად ვერ გრძნობდა: იცოდა, რომ ებრაელი იყო და აწუხებდა ის ჭირი და უბედობა, რომელსაც მისი თანატომელები ეგვიპტელთაგან ითმენდნენ. ერთხელ მოსემ დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მოკლა ეგვიპტელი, მიწაში ჩაფლა, შემდეგ კი, ფარაონის რისხვას განრიდებული, მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ უფლის რჩეული იოთორ მღვდელთან დაბინავდა და მისი ასული შეირთო ცოლად.

მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა. ერთხელ, როცა ფარა ქორების მთის მახლობლად მიჰყავდა, მან იხილა ალმოდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან მოესმა: „მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი… აწ ესერა ღაღადება ძეთა ისრაელისათა მოიწევის ჩემდა, და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მას. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა და გამოიყვანო ერი ჩემი, ძენი ისრაელისანი, ქუეყანით ეგჳპტით“. მოსე შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ, მაგრამ უფალმა აღუთქვა: „მე ვიყო შენ თანა“, სასწაულთ-ქმედების ძალა მისცა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი და შემწედ მისი ძმა – აარონი დაუნიშნა. მოსე დაემორჩილა ზეგარდმო მიღებულ ბრძანებას და ეგვიპტეში წავიდა.

წინასწარმეტყველი აარონთან ერთად წარდგა ფარაონის წინაშე და უფლის ნება აუწყა, მაგრამ უღმრთო ხელისუფალმა უარი განაცხადა ებრაელთა გაშვებაზე. ღმერთმა ათი სასჯელი დაატეხა თავს ეგვიპტეს: მოსეს სიტყვით მდინარეებში, ტბებში და ჯურღმულებში წყალი სისხლად იქცა; სეტყვამ და კალიამ გაანადგურა ნათესები; სამდღიანი წყვდიადი ჩამოწვა ქვეყანაში… მაგრამ გაკერპებული ფარაონი მაინც თავისაზე იდგა. მეორედან დაწყებული, სასჯელად მოვლენილი ყოველი უბედურების ჟამს იგი პირობას დებდა, რომ გაათავისუფლებდა ისრაელებს, მაგრამ, როგორც კი სიმშვიდე დაისადგურებდა, კვლავ უკან მიჰქონდა თავისი სიტყვა. უსჯულომ მხოლოდ მაშინ შეასრულა უფლის ბრძანება, როცა, ღვთის ნებით, ანგელოზმა ეგვიპტელების ყველა პირველშობილი ძე დახოცა.

ეგვიპტიდან ექვსი ათასამდე კაცი გამოვიდა ქალებისა და ბავშვების გარდა. ისინი ღვთის მფარველობითა და მოსეს წინამძღვრობით გაუდგნენ გზას აღთქმული ქვეყნისკენ. მეწამულ ზღვას რომ მიუახლოვდნენ, ლტოლვილებმა მდევრები შენიშნეს: მოსემ კვერთხის დარტყმით გააპო ზღვა. ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გადაიარეს, მდევრებიც უკან მიჰყვნენ. მაშინ მოსემ კვლავ დაჰკრა ზღვას კვერთხი, წყალი შეერთდა და ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.
წმიდა მოსე წინასწარმეტყველი
უფალმა კიდევ ბევრი სასწაული აღასრულა თავისი რჩეულის მეშვეობით: მწარე წყალი სასმელად ვარგისი გახადა, მშრალი კლდიდან წყალი გადმოადინა…

რაფიდინში ებრაელებს თავს დაესხა უდაბნოში მოსახლე ამალეკთა ტომი. მოსემ მომხდურებთან საბრძოლველად ისუ ნავე გაგზავნა მხედრობით, თავად კი აარონთან და ორთან ერთად ბორცვის თხემზე ავიდა. როცა იგი ხელებს მაღლა აღაპყრობდა, ისრაელები ძლიერდებოდნენ, როცა დაუშვებდა – ამალეკს ემატებოდა ძალა. მაშინ აარონმა და ორმა მოსე ლოდზე დასვეს და „განამტკიცებდეს ჴელთა მისთა ერთი ამიერ და ერთი იმიერ“. მზის ჩასვლამდე ხელგანპყრობით იჯდა წინასწარმეტყველი და ებრაელებმაც სძლიეს მტერს.

ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს ისრაელები სინას მთას მიადგნენ. მთაზე ასულ მოსეს უფალმა ამცნო, თავისი ხალხისთვის ეუწყებინა: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. როცა წინასწარმეტყველმა ბრძანება შეასრულა, მთელმა ერმა ერთხმად იქუხა: „ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ“. კვლავ მთაზე ამაღლდა მოსე და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა, რის შემდეგაც უფლისგან მიიღო ქვის ორი ფილა, ზედ დაწერილი ათი მცნებით; ღმერთმა მას მისცა სხვა კანონებიც, რომლებიც ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნშია შესული, და უბრძანა, აეშენებინა სამლოცველო კარავი ანუ მოძრავი ტაძარი. უფლისავე ბრძანებით მოსემ თავისი ძმა – აარონი მღვდელმთავრად დაადგინა, მისი შვილები – მღვდლებად, ლევის დანარჩენი შთამომავლობა კი – მოძრავი ტაძრის მსახურებად.

სჯულის მიღების შემდეგ ებრაელები მალე მიუახლოვდნენ ქანაანის ქვეყანას, მაგრამ დრტვინვისა და მცირედმორწმუნეობის-თვის ღმერთმა მათ უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობა მიუსაჯა. მეორმოცე წელს მოსემ უფლის რჩეული ერი ქანაანის საზღვართან მიიყვანა, თვითონ კი შორიდან შეხედა აღთქმულ ქვეყანას და მიიცვალა. ამ დროს იგი ასოცი წლისა იყო. მოსე წინასწარმეტყველის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი 

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს: ჯერ რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ აბანოში გამოკეტეს. მარტვილები რომ არ გაქცეულიყვნენ, კარებს სამეფო ბეჭედი დაადეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ისინი. მხედრებმა კვლავ შეიპყრეს წმიდანები და ქალაქგარეთ გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. ქრისტეს ტარიგებმა ჯერ დრო ითხოვეს ლოცვისთვის, შემდეგ კი სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს. უსჯულოებმა მათი ცხედრები დაჩეხეს და დაწვეს.

იულიანე და კიონი

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმიდა ბაბილამ უღმრთო ხელისუფლების წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წამების დროს მარტვილი განუწყვეტლივ შეჰღაღადებდა ღმერთს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ მე, მხცოვანი და უძლური, განმაჭაბუკე და განმამტკიცე“. ღვთისმოძულეებმა ქვები დაჰკრიბეს უფლის რჩეულს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. ორმა მათგანმა, ამონიუსმა და დონატუსმა, მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და დემონებს მსხვერპლს არ შევწირავთ!“ ბავშვებისგან მოულოდნელი პასუხით გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ. უკანასკნელ გზაზე მიმავალი ბაბილა გალობით მადლობას სწირავდა უფალს.

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი

 

წმიდა მოწამე ერმიონია

წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს (ხს. 11 ოქტომბერს) ასული იყო.

სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.

ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. მას სიმტკიცე შეჰმატა საყდარზე მჯდომარე მაცხოვრის გამოცხადებამ. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.

იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. უსჯულო თვითმპყრობელის განკარგულებით მარტვილი ჯერ დაუნდობლად გვემეს, შემდეგ ლურსმნები ჩააჭედეს ფეხისგულებში, ბოლოს კი მდუღარე ფისით, კალითა და გოგირდით სავსე ქვაბში ჩააგდეს. წმიდა ერმიონია ყველაფრისათვის მადლობას სწირავდა უფალს, ღმერთმაც წყალობის თვალით გადმოხედა და ქრისტეს მხევალი უვნებელი დარჩა. ეს სასწაული საკმარისი არ აღმოჩნდა უღმრთო ხელისუფლის გონს მოსაყვანად: ამჯერად მან წმიდანის გახურებულ ტაფაზე წამება ბრძანა. აქაც საკვირველება აღესრულა: ერმიონია ისე იდგა ტაფაზე, როგორც მწვანე მოლზე და გალობით განადიდებდა ღმერთს.
წმიდა მოწამე ერმიონია
ქრისტეს მხევალი ჰერკულესის კერპისთვის მსხვერპლის შესაწრად წაიყვანეს. წარმართულ ტაძარში რომ შევიდნენ, ერმიონიას ლოცვის პასუხად საშინელი გრუხუნი გაისმა, ცრუღმერთის ყველა ქანდაკი დაიმსხვრა.

განრისხებულმა მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს – თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს – მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს.

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი

დაწერე კომენტარი