19 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი ვუკოლი
ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.
ღირსი ვუკოლი
ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.
წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა

წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დიოკლეტიანეს დროინდელ დევნულობისას ეწამნენ ქალაქ კვიზიკში (მიზია), 305-311 წლებს შორის.

ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული, ადრე დაობლებული ფავსტა მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანი ქალწული მმართველთან დაასმინეს და მანაც 80 წლის ქურუმი ევილასი გააგზავნა ფავსტის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადასაცდენად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც იგი საშინლად აწამეს და ხის ყუთში ჩასვეს. მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ, ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა. ქურუმი ევილასი გააოცა ღვთის მადლის ასეთმა გამოვლინებამ, ირწმუნა და უშიშრად აღიარა ქრისტე.
წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა
მომხდარის გამოძიება მეფემ ეპარქ მაქსიმეს დაავალა, რომელმაც გაქრისტიანებული მოხუცის წამება დაიწყო. ევილასმა ფავსტას სთხოვა, ელოცა მისთვის, შემდეგ კი ახოვნად დაითმინა სატანჯველები. წმიდა ფავსტა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მოწამეს. მაშინ მარტვილები მდუღარე წყალში ჩააგდეს, მოწამეები კვლავ უვნებლად რჩებოდნენ და ლოცულობდნენ ჯალათებისთვის.

წმიდანების სარწმუნოებითა და მოთმინებით გაოცებულმა მაქსიმემ შესთხოვა უფალს, მისთვისაც მოწყალე თვალით მოეხედა. უეცრად გაიხსნა ცა და ეპარქმა იხილა იესო ქრისტე ნათელმოსილ ანგელოზებთან, მთავარანგელოზებთან და სხვა წმიდანებთან ერთად. ამ საოცარი ჩვენებით შეძრწუნებულმა ხმამაღლა ღაღადჰყო: „უფალო, მიიღე ჩემი სულიც’’, გაიქცა ცეცხლზე შემოდგმული ქვაბისკენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ მისივე ბრძანებით ჩაყარეს წმიდა მარტვილები და შიგ გადაეშვა. ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ!’’ და ამ მოწოდებით გამხნევებულმა და სიხარულით აღვსილმა ტარიგებმა უფალს შეჰვედრეს სული.

წმიდა მოწამე დოროთეა

წმიდა მოწამე დოროთეა კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 288 ან 300 წელს ეწამა წმიდა ქრისტინასთან, კალისტასთან და თეოფილესთან ერთად.

წმიდა დოროთეა კეთილმსახური ქრისტიანი ქალწული იყო და გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილგონიერებით. მმართველ საპროკიუსის ბრძანებით შეპყრობილმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად აწამეს. მოუდრეკელი ქალწული დებს – ქრისტინასა და კალისტას ჩააბარეს. ისინიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ წამების შიშით განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უსჯულო ცხოვრებას მიეცნენ. მმართველმა დებს დაავალა, დაეჯერებინათ დოროთეა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მოხდა საპირისპირო, თავად დოროთეამ შეაჯერა განდგომილები, რომ ღვთის წყალობით ყველა მონანულს მიეტევება ცოდვები. წმიდანები კვლავ დაუბრუნდნენ ქრისტეს. ამისთვის მტარვალებმა ზურგებით მიაკრეს ისინი ერთმანეთს, ფისიან კასრში ჩასხეს და დაწვეს.
წმიდა მოწამე დოროთეა
წმიდა დოროთეა კვლავ საწამებლად გადასცეს. იგი სიხარულით ითმენდა სატანჯველებს და სიხარულითვე შეხვდა სასიკვდილო განაჩენს. ერთმა სწავლულმა – სქოლასტიკოსმა თეოფილემ დაცინვით მიმართა ქალწულს: „ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე”. წმიდანმა მშვიდად დახარა თავი. სიკვდილის წინ მან ლოცვისთვის დრო ითხოვა. როცა ლოცვა დაასრულა, მის წინაშე ანგელოსი წარსდგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა თავზარი დასცა ქრისტიანთა მდევნელს, მან ირწმუნა მაცხოვარი და აღიარა ქრისტე. ამისთვის ისიც საშინლად აწამეს და მახვილით მოკლეს.

წმიდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომშია დასვენებული, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

წმიდა ფოტი

წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა.

ფოტიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტის პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს.

857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევეს პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1 იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიმ მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიმ აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.
წმიდა ფოტი
867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიმ უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიმ დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”.

შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტი კანონიერ მწყემსმთავრად.

იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტის მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე.

მართლმადიდებლური ეკლესია თაყვანს სცემს ფოტის, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.

ღირსი ბარსანოფი

ღირსი ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.

ღირსი ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა ტაძრის მახლობლად მცირე კელიაში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბარსანოფი კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულთქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, ამბა სერიდის მონასტრის მდუმარე ბერს – ექვთიმეს წმიდანმა უწინასწარმეტყველა, სხვა მრავალთან ერთად, ახდა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.
ღირსი ბარსანოფი
ღირსი იოანე წინასწარმეტყველი წმიდა ბარსანოფის მოწაფე იყო. მოძღვრის მორჩილებით მან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო მასთან მოსულ სულიერი დამოძღვრის მსურველებს ღირს ბარსანოფისთან აგზავნიდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, მაგრამ ახალგარდაცვლილი ამბა სერიდის შემდგომ დადგენილმა ახალგაზრდა იღუმენმა ელიანმა შესთხოვა, ეცოცხლა კიდევ, თუნდაც ორი კვირის მანძილზე, რომ მონასტრის წეს-განგება ესწავლებინა მისთვის. ღირსმა მამამ შეისმინა ვედრება და, მართლაც, ორ კვირაში გარდაიცვალა. წმიდა ბარსანოფი შეესწრო მოწაფის სიკვდილს.

წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი
წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი დები იყვნენ და ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათ ქრისტესთვის მოწამეობის საღვთო შური არ ასვენებდათ და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ. ერთხელ მათი სახლის წინ წარმართმა მხედართმთავარმა ჩამოიარა. ასულები გამოვიდნენ მის შესახვედრად და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მხედარმთავარმა თავიდან მათ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ნეტარი დები დაჟინებით მისძახოდნენ მას თავიანთ აღმსარებლობას. მაშინ წარმართმა ორივენი შეიპყრო და ძმასთან – ყრმა ლიკარიონთან ერთად ჯვარს აცვა. მშობელი დედა უყურებდა შვილების ტანჯვას და მათ სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ბოლოს მართა და მარიამი შუბით მოკლეს, ლიკარიონს კი თავი მოჰკვეთეს.
მართა და მარიამი
წმიდა მოწამე იულიანე
წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
წმიდა მოწამე იულიანე
როცა წმიდა მოწამეები – ეპისკიპოსი სილვანი, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი (ხს. 29 თებერვალს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და გამანტკიცებდა მათ, რისთვისაც შეიპყრეს, ვიწრო ნაპრალში შეიმწყვდიეს, ხელებსა და ფეხებში გრძელი ლურსმანები ჩააჭედეს და ისე მოკლეს.

 

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი