6 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

https://www.youtube.com/watch?v=LYd_hyq97DI

ღირსი ქსენია

ღირსი ქსენია (ერობაში – ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.

ღირსი ქსენია

წმიდა მოწამენი ბაბილა

წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამენი ბაბილა

ღირსი მაკედონი

ღირსი მაკედონი – ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი“ – ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა.
ღირსი მაკედონი
უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლის ასაკში (+420).

ღირსი ფილონი

ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერდნენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას“ განმარტებას.

ღირსი ფილონი

ღირსი დიონისე

ღირსი დიონისეს (XVI) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებს შორის შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ შეადგინა. ღვთივსათნო მოღვაწეობისთვის ღირს დიონისეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში და ოლიმპოზე თავისსავე სავანეში დაკრძალეს.

ღირსი დიონისე

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი

წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი ნიჟნი ნოვგოროდიდან იყო. იგი თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა და ყაზანში მცხოვრები ხანის ნათესავის, ალეი-შნურის ყმა გახდა. დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა გადაწყვიტა, მაჰმადიანობაზე მოექცია თავისი ტყვე. იოანემ კი განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს ცნობს. ღამით თათრებმა წმიდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონსმოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანში მცხოვრები რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას კი მიიცვალა (+24 იანვარი, 1529)

წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი

loading…

პოპულარული

„სახლში თავის ფეხით წავა“ - ღუდუშაურის კლინიკაში გოლიათი გოგონა დაიბადა (ფოტო)
საგანგებო თათბირი დილის ექვს საათზე და შანტაჟი ივანიშვილის სახელით - როგორ ართმევს ოლიგარქი მეშახტეებს არჩევანის უფლებას (ვიდეო)
"სისხლი რომ გაგეყინება ადამიანს, ისეთი მომენტი იყო..." - მაშველები ფონიჭალის ტრაგედიის უმძიმეს დეტალებს იხსენებენ (ვიდეო)
სუს-ი დიდ სკანდალში ეხვევა - თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც დუმილს არღვევს
დაწერე კომენტარი