10 ოქტომბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამე კალისტრატე

წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. „და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა“.
წმიდა მოწამე კალისტრატე
წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩაკერეს და ზღვაში მოისროლეს. ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოეგო, გაიხა და წმიდანი განთავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმიდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და „იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ“: მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ „და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა“. თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა“. ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა. ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმიდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს. ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს, საპყრობილეში კი იპოვეს წიგნი, „რომელთა შინა აღწერილ იყვნეს სწავლანი და მოძღურებანი წმიდისა მოწამისა“.

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 25 აპრილის საკითხავში).
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.

წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

ღირსი საბატი სოლოვკელი

ღირსი საბატი სოლოვკელი (+1435) 1396 წელს მივიდა კირილო-ბელოეზერის მონასტერში და ბერად აღიკვეცა. აქედან იგი ლადოგის ტბის კლდოვან კუნძულ ვალაამზე გადავიდა სამოღვაწეოდ, შემდეგ კი სოლოვკის უდაბურ კუნძულს მიაშურა და იქ დაემკვიდრა. წმიდანი გარდაიცვალა 1435 წლის 27 სექტემბერს.

ღირსი საბატი სოლოვკელი

წმიდა მოწამე ეპიქარია

წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს.

ღირსი ეგნატე

ღირსი ეგნატე კაბადოკიაში ცხოვრობდა X საუკუნეში. იგი მშობლებმა სიყმაწვილეშივე შესწირეს უფალს. მოწიფულობის ასაკს რომ მიაღწია, ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ხუცესად დაასხეს ხელი. შემდგომში ეგნატე მაცხოვრის სავანის იღუმენად დანიშნეს კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა მონასტრისთვის. წმიდა ეგნატე ქალაქ ამორიის მახლობლად გარდაიცვალა 975 წელს. დიდი ხნის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი