12 დეკემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

12 დეკემბრის  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე პარამონი და სხვანი

წმიდა მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი მის თანა 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) მეფობისას აღესრულენ ქრისტესთვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ სამას სამოცდაათი მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს, დაბოლოს, სხვა სამას სამოცდაათ მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე პარამონი

ღირსი აკაკი სინელი

ღირსი აკაკი სინელის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს) მოგვითხრობს თავის „სათნოებათა კიბეში“. ნეტარი აკაკი ცხრა წლის მანძილზე – სიკვდილამდე მორჩილებით იტანდა უდები და უწყალო მოძღვრის სასტიკ მოპყრობას, რისთვისაც უფალმა ცხონება მიმადლა (მისი ცხოვრება იხილეთ 7 ივლისის საკითხავში).

ღირსი აკაკი სინელი

წმიდა აბიბოს ნეკრესელი

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა“.

წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა… ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, – წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“.

ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი

წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.

ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.

მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად… უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა…“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.

მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.

ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.

ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

წმიდა მოწამე ფილუმენი

წმიდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს – ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს.

წმიდა მოწამე ფილუმენი

პოპულარული

მორიგი უხერხულობა და პრემიერის გარემოცვის მიერ დამალული ინფორმაცია - დავოსში ჩასულ გახარიას პროპორციული არჩევნების დაპირება შეახსენეს
კახა კალაძე შეაჩერეს - თბილისის მერი 12 000-ლარიან სკამებს ვეღარ იყიდის (ვიდეო)
საქართველოში ჩრდილოვანი დიქტატურის კიდევ ერთი აღიარება - ეველინ ფარკასმა CNN-ზე პუტინის გეგმები ივანიშვილის პოზიციას შეადარა
"განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე" - გრიგოლ ვაშაძე
ევროპარლამენტის წევრი: პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით“
როგორ იქცევიან სახალხო დამცველის თანამშრომლები ციხეში - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს
"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს - სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა
დაწერე კომენტარი