3 დეკემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოსაგრეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან გულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთის ნებით, ღირსი შეიქნა წმიდა სამების სადიდებელი ანგელოზთა გალობა მოესმინა. ხატმბრძოლთა ერესს უფრო ქმედითად რომ აღდგომოდა წინ, ღირსი გრიგოლი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. დედაქალაქში წმიდანს მძიმე სნეულებამ ჯანი შეურყია და, ძალებგამოცლილმა, 816 წელს სული უფალს შეჰვედრა.

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი

 

წმიდა პროკლე

წმიდა პროკლე – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის (+407; ხს. 13 ნოემბერს) მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი – მღვდლად.

წმიდა პრკოლემ უფლის დაშვებით საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმიდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმიდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.

იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქმა სისინიოსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმიდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.
წმიდა პროკლე
პატრიარქ სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა.

საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ (ხს. 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).

თესპესი და ანატოლი

 

წმიდა მოწამე დასი

წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.
წმიდა მოწამე დასი
ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

 

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები – მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი – სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ. უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).

ნერსე ეპისკოპოსი და იოსები

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი