7 ოქტომბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

7 ოქტომბრის მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.

მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის – უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია – რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე – ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.
თეკლა
თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).

წმიდა სტეფანე სერბელი

წმიდა სტეფანე სერბელი, სტეფანე ნემანის (ხს. 13 თებერვალს) ძე, სერბეთის მეფე იყო. სიკვდილის წინ ნეტარი ბერად აღიკვეცა სვიმეონის სახელით და 1224 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა სტეფანე სერბელი

წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი

წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.

წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი

ღირსი კოპრე თეოდოსი

ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად – „კოპრია“) გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).

ღირსი კოპრე თეოდოსი

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
დაწერე კომენტარი