12 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

12 ნოემბირს  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

წმიდა სტეფანე მილიუტინი

წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.

დედამ და შვილებმა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი იღვაწეს ერეტიკოსი ბოგომოლების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთვის. წმიდა დრაგუტინი გარდაიცვალა 1316 წლის 2 მარტს.
წმიდა სტეფანე მილიუტინი
წმიდა მეფე სტეფანე მილიუტინი სიტყვითა და საქმით ახოვნად იცავდა მართლმადიდებელ სერბებს მრავალრიცხოვანი მტრებისაგან. ყოვლადსახიერი უფლის სამადლობლად მან ააგო ორმოცზე მეტი ტაძარი, მრავალი მონასტერი და დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარი განსაკუთრებით ათონის სავანეებზე ზრუნავდა. წმიდა სტეფანე გარდაიცვალა 1320 წლის 29 ოქტომბერს. ორი წლის შემდეგ აღესრულა ნეტარის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება.

წმიდა ელენემ, უფლის სათნომყოფელი ძეების კეთილმსახურმა დედამ, მეუღლის სიკვდილის შემდეგ საღვთო საქმეებისთვის გადადო თავი, სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცა და 1306 წლის 8 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მღვდელმოწამე მარკიანე

მღვდელმოწამე მარკიანე – სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა – ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში (წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით)

მღვდელმოწამე მარკიანე

წმიდა მოწამე ევტროპია

წმიდა მოწამე ევტროპია ალექსანდრიაში აღესრულა დაახლოებით 250 წელს. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისთვის ისიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკი სატანჯვე-ლებით ამოჰხადეს სული.

წმიდა მოწამე ევტროპია

წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა

წმიდა მოწამენი: კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა, ღვიძლი და-ძმანი, 285 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ კილიკიაში.

მამის სიკვდილის შემდეგ დედინაცვალმა, რომელსაც არ სურდა მათთან ქონების გაყოფა, ქრისტიანთა მდევნელებს გადასცა უფლის რჩეულები. კილიკიის მმართველი, ლისიუსი დიდხანს აწამებდა წმიდანებს და კერპების თაყვანისცემას ითხოვდა მათგან. მაცხოვრის სარწმუნოების ერთგული ძმები: კლავდიოსი, ასტერიოსი და ნეონი საშინელი სატანჯველების შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ჯვარს აცვეს, მათი და – კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნახშირი დააყარეს. ამ სასტიკი წამების დროს გარდაცვლილი მოწამის ნეშტი ბოლოს ტომარაში ჩააგდეს და ზღვაში დანთქეს.

წმიდა ტერტიოსი

წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (წმიდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,22). წმიდა მარკოზი, იგივე იოანე (საქმე 12,12), ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ. 4,10). წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე, 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა ტერტიოსი

მღვდელმოწამე ზინობი

მღვდელმოწამე ზინობი – ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ – გთავაზობ: სიცოცხლეს – თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს – თუ არ სცემ თაყვანს“. ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.
მღვდელმოწამე ზინობი
ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.

წმიდა იოთამ ზედგენიძე

წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. „ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამჴედროთი სრულმან და აღმკულმან“ თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს „განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი“.

ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი.
წმიდა იოთამ ზედგენიძე
1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, „რათა შურ-აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინნეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი“. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგენიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემან არა ირწმუნა“, – წერს ვახუშტი „ქართლის ცხოვრებაში“, – „ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა“. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“.

დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა.

უფლის ცხებულისათვის, ღვთივდადგენილი მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა.

loading…
გააკეთე კომენტარი!