7 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

7 ნოემბირს  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი

წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილება-საც აღასრულებდნენ – მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.
წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი
მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: „უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო“. ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.

წმიდა მოწამე ანასტასი

წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

წმიდა მოწამე ანასტასი

მართალი ტაბითა

მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა“. მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“. როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“. მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი (საქმე; 9, 36-42).

მართალი ტაბითა

loading…
გააკეთე კომენტარი!