2 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა დიდმოწამე არტემი

წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი – მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.

ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი ლოცულობდა, მის წინაშე თავად ქრისტე წარდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავნ, არტემი! მე შენ თანა ვარ. უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა, მეც აღგიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ – ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
წმიდა დიდმოწამე არტემი
ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრობითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“

მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.

ღირსი გერასიმე ათონელი

ღირსი გერასიმე ათონელი პელოპონესის სოფელ ტრიკალაში დაიბადა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან კუნძულ ზაკინს მიაშურა სამოღვაწეოდ. წმიდა მთაზე გერასიმე ათონელ მოსაგრეებს დაემოწაფა; შემდგომ ბერების კურთხევით იერუსალიმში გაემგზავრა უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მოილოცა სინას მთის, ანტიოქიის, დამასკოს, ალექსანდრიის, ეგვიპტის წმიდა ადგილები და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. აქ იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე II-მ (1534-1579) წმიდანი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი.
ღირსი გერასიმე ათონელი
მიუხედავად სამღვდელო ხარისხისა, ღირსი გერასიმე განდეგილის ცხოვრებით მოღვაწეობდა. ბოლოს წმიდანმა პატრიარქისაგან მდუმარების ღვაწლზე აიღო კურთხევა და ზაკინზე განმარტოვდა. აქ ნეტარმა ხუთი წელი დაჰყო მარტოდმარტო, მისი საკვები მხოლოდ მცენარეულობა იყო. ამის შემდეგ ზეგარდამო შთაგონებით გერასიმე კეთალონიის კუნძულზე გადავიდა და ომალში, მის მიერ აღდგენილ ტაძართან დედათა მონასტერი დააარსა. ღირსი მამა აქ ოცდაათი წელი მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას სნეულთა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიემადლა. უფლის რჩეულს რამდენიმე დღით ადრე ეუწყა თავისი აღსასრულის შესახებ, დალოცა მონაზვნები და მშვიდობით მიიცვალა 1579 წლის 15 აგვისტოს, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. სიწმიდე კეთილსურნელებას აფრქვევდა და სნეულებს კურნავდა.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი