30 ოქტომბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წინასწარმეტყველი ოსე

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.
წინასწარმეტყველი ოსე
მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე; 2,20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე; 6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე; 13,14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (წმიდა კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვაოთ მათი თანამოსახელე წმიდანებისაგან, რომლებიც 1 ივლისს და 1 ნოემბერს იხსენიებიან).

კოზმა და დამიანე

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში – „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი
ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

 

 

 

 

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“. მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, „კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი“.
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი
1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“. წმიდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელის ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს „არცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი“. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.

წმიდა გაბრიელ მცირე (ხს. 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან „ერთგზის იხილა“ და „ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.

1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.

წმიდა კოზმანი

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდმივად უსჯულოთა აგრესიის ქვეშ იყო და საქართველოს ეკლესია-მონასტრების დაცვასა და მართლმადიდებლური სიწმინდის შენარჩუნებას ეწირებოდა უამრავი საერო და სასულიერო პირის სიცოცხლე. ეს იმდენად ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ეკლესია მათგან მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლითა და მნიშვნელობით გამორჩეულთათვის ადგენდა მოსახსენებელ დღეებს.
წმიდა კოზმანი
სამწუხაროდ, დროთა ავბედობამ ამ გამორჩეულ მოწამეთა ცხოვრება და ღვაწლიც კი წაგვიშალა ისტორიიდან. დღეს მათი გაცნობისა და მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება არის საეკლესიო კალენდრებში შემონახულ ხსენების დღეებში ეკლესიის მიერ მათთან დამყარებული ლოცვითი კავშირი.

დაწერე კომენტარი