24 ოქტომბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

24 ოქტომბრის მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

წმიდა მოციქული ფილიპე

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც „ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“ (საქმე; 8,13).
წმიდა მოციქული ფილიპე
უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.

წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი – ერმიონია (იხილეთ 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა ფილიპე მოციქული – შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან – ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის (ხს. 27 დეკემბერს) უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.
ღირსი თეოფანე აღმსარებელი
ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, – უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

ზინაიდა და ფილონილა

ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბეირუთში. მეშვიდე მსოფლიო კრების (787 წ.) მეოთხე სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად მოიშველია წმიდა ათანასეს სიტყვა ქალაქ ბიროში (დღევანდელ ბეირუთში) მომხდარი სასწაულის შესახებ.

ამ ქალაქში იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და ძველ ბინაში იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელიც აქ დამკვიდრდა, ხატი არ შეუმჩნევია, მაგრამ სტუმრად მოსულმა ებრაელმა შენიშნა იგი, შერისხა მეგობარი და სინაგოგაში დაასმინა. იუდეველებმა ხატი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს: „როგორც ოდესღაც ჩვენმა მამებმა აგინეს მას, ჩვენც ისევე ვაგინებთ“, – იძახდნენ ისინი, ანერწყვავდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ. ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხი ჩაარტყეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებთან. ბოლოს ლახვარიც მოიტანეს და ერთმა იუდეველმა გვერდში უგმირა უფალს. გაკვეთილი ხატიდან უეცრად სისხლმა და წყალმა გადმოხეთქა. ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა თქვეს: „იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი სნეულებს კურნავდა. წავიღოთ სინაგოგაში ეს სისხლი და წყალი, ავადმყოფებს ვცხოთ და ვნახავთ, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ“.

საკვირველების შესახებ რომ შეიტყვეს, სხვადასხვა სნეულებით გატანჯული ბეირუთელები გაეშურნენ სიწმიდისკენ: ზოგი მოჰყავდათ, სხვებს – მოასვენებდნენ, ხატიდან გადმოსული სისხლის ცხებით კი ყველანი იკურნებოდნენ. გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. „დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების ხელით ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო შენი ხატის სახით. დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ამდენი საკვირველების მოქმედო! ჩვენ გვწამს შენი. იყავ მოწყალე და შეგვივედრე!“ ლოცულობდა გაოგნებული ხალხი. ებრაელები ბეირუთის ეპისკოპოსთან მივიდნენ, აჩვენეს საკვირველთმოქმედი ხატი, მისგან გადმოსული სისხლი და წყალი და თავიანთი დანაშაულიც აღიარეს. მღვდელმთავარმა შემცოდეთა გულწრფელი სინანული რომ იხილა, შეივრდომა ისინი, კათაკმევლებად დაადგინა და ხანგრძლივი მზადების შემდეგ მონათლა. სინაგოგა მაცხოვრის სახელობის ტაძრად აკურთხეს. ებრაელთა თხოვნით ბეირუთის სხვა სინაგოგებიც მართლმადიდებლურ ტაძრებად გადაკეთდა და წმიდა მოწამეთა სახელებზე ეკურთხა.

loading…
გააკეთე კომენტარი!