ომის გმირები: მალხაზ აბაშიძე

მალხაზ აბაშიძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედალის მფლობელი. დაიბადა 1975 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

მამა, არ შეგეშინდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით – ამ სიტყვებით დააიმედა მალხაზმა მამა 7 აგვისტოს. მას შემდეგ მისი ხმა მშობლებს არ გაუგონიათ. შვილის გვარი 9 აგვისტოს გარდაცვლილთა სიაში ამოიკითხეს.

ილია აბაშიძე, მამა: მალხაზი 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ცხელ ხაზზე საავიაციო დაბომბვისას. მეგობრები მიყვებოდნენ, ცხელ ხაზზე რომ ვიყავით, გვამხნევებდა, აბა ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჭურვის ნასხლეტი მოხვედრია და ადგილზევე გარდაცვლილა. მშობლებს ცრემლი არ უშრებათ, როცა მალხაზს იხსენებენ. მისი მშობლიური სოფლიდან ომში ბევრი ვაჟკაცი წავიდა, თუმცა მხოლოდ მალხაზი ვერ დაუბრუნდა კერას. მალხაზ აბაშიძე 1975 წლის 12 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში დაიბადა. მამა იხსენებს, რომ განსაკუთრებით დები უყვარდა: სულ ეფერებოდა, ძმასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ყოფნა. მშობლებისთვისაც კარგი შვილი იყო. განსაკუთრებით დისშვილი ქრისტინე უყვარდა. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. მისი დაღუპვის მერე გაჩნდა მეორე დისშვილი, რომლის დაბადებას დიდი სიხარულით ელოდა…

ერთ წელიწადში აპირებდა დაოჯახებას. სამხედრო სავალდებულო ჯარი გავლილი ჰქონდა. კონტრაქტს 2005 წელს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ქვეითი ბრიგადის გამანაწილებელ ასეულში იყო კაპრალი. ჯარში პატრიოტული სულისკვეთებით შევიდა. ომში, რომ არ დაღუპულიყო სამხედრო სამსახურს გააგრძელებდა. სურდა ჯარს გაჰყოლიდა. ბევრი მადლობა აქვს მიღებული. – ბოლოს 2008 წლის აგვისტოში იყო ჩამოსული. 5 აგვისტოს გავაცილეთ. დედამისისთვის უთქვამს: დედა, შენი გაკეთებული ხაჭაპური გამატანეო. დედამ მალხაზს ბოლო თხოვნა შეუსრულა, ამ დროს ვერც წარმოიდგენდა, რომ შვილს უკანასკნელად ხედავდა. სოფელი საკუთარ გმირს დღესაც სიამაყით იხსენებს. მალე სოფლის სკოლას გმირი მალხაზ აბაშიძის სახელი მიენიჭება.

 

 

 

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
დაწერე კომენტარი