ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდ-19-ით გარდაიცვალა

ვარშალომიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტახნის წინ გაავრცელა.

წლების წინ, გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო. მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა.

ტესტირება ჩაიტარა ლევან ვარშალომიძემაც, თუმცა პასუხი ნეგატიური იყო.

შეგახსენებთ, რომ გურამ ლომიძე 1964-1970 წლებში მუშაობდა ტრესტ „საქნავთობის”, აზერბაიჯანის „ყარადაღნავთობის” და „აფშერონ ნავთობის” საწარმოებში, საქართველოს სამთო მექანიკის, საბადოთა დამუშავებისა და აფეთქების ფიზიკის ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1991-1993 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2006 წლებში “საქნავთობის” გენერალური დირექტორი.

2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების კათედრის გამგე.

2007 წლიდან მუშაობდა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” მრჩეველ-ექსპერტად. გურამ ვარშალომიძის გამოკვლევები ეძღვნება ენერგო და რესურსდამზოგავი ეკოლოგიურად სუფთა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიას. შედეგები დაინერგა “საქნავთობში”, “თბილისის მეტროპოლიტენსა” და”ყუბანგაზმრეწვში” (რუსეთის ფედერაცია).

გურამ ვარშალომიძის ახალი სამეცნიერო კვლევები ეხება ანტირადიაციული მასალის მიღების ახალ ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და შრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. აქვს გამოგონებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1999).

დაწერე კომენტარი