“ოცნება” ცენზურის შემოღებას გეგმავს და, კომუნისტების მსგავსად, “ხელოვნების მოთვინიერებას” იწყებს

“ქართულ ოცნებას” “კულტურის შესახებ” კანონში ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმად, “მიუღებელ” ლექსზე, მოთხრობაზე, რომანზე, ნახატსა თუ სპექტაკლზე ცენზურა უნდა დაწესდეს და მათი გავრცელება აიკრძალოს. უფლებადამცველებისა და ხელოვნების მუშაკების უდიდესი ნაწილის განცხადებით, ეს არის საბჭოთა ცენზურის მოდელში დაბრუნების სურვილი და კატეგორიულად მიუღებელია.

შავი ჩაი ასკილით

“ოცნების” რიგითი წევრები თავს იმით იმართლებენ, რომ კანონპროექტი “მთლად კარგად” არ წაუკითხავთ და ლიტერატურის თუ სპექტაკლის ცენზურა მისასალმებელი არ არის.

თავად კანონპროექტის ავტორების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მათ მხოლოდ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოჰყავთ “კულტურის შესახებ” კანონი და ცვლილებები ცენზურას ან დამატებით შეზღუდვას არ გულისხმობს.

“პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

თუმცა “ოცნების” წევრების გარდა არც ერთი სხვა ადამიანი არ ფიქრობს, რომ ეს ცენზურა არ არის. სამოქალაქო სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ მიიღონ ეს კანონი, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ინიციატივის თანახმად, სასამართლოს მიეცემა უფლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

ადამიანის უფლებების შელახვის მოტივის თუ რელიგიური შუღლის გაღვივების საფრთხის გამო შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვას რომ არცთუ ცოტა ადამიანი მოითხოვს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან ძალიან ხშირია ამა თუ იმ ნაწარმოების თუ ნახატის გამო დიდი უკმაყოფილება ადამიანის უფლებების თუ რელიგიური გრძნობების შელახვის სახელით. მაგალითად, ასეთ დიდ შეურაცხყოფაზე იყო საუბარი ლია უკლებას ნახატ “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” გამოფენაზე გატანის დროს, ზურაბ ქარუმიძის “მელია-ტულეფიას” გამო და ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობის” დაბეჭდვის დროს. ბოლოდროინდელ ქართულ და დასავლურ ხელოვნებაში კი ძალიან ბევრგან შეიძლება “შეურაცხმყოფელი” ნიმუშები აღმოაჩინოს ამის მსურველმა.

“ოცნების” წევრები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი კანონპროექტს კარგად არ გასცნობიან და კომენტირება უჭირთ.

დავით ჭიჭინაძე: “არ ვარ გაცნობილი ამ კანონპროექტს. ახლა ვაპირებ, გავეცნო. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებ. თუ ვიღაცებს არ უნდათ რაღაც წიგნის ყიდვა, არ იყიდიან, ამიტომ ხელოვნური აკრძალვები საჭირო არ არის. დღეს ტირაჟირების სხვადასხვა მექანიზმი არსებობს.

“ჩემს ბავშვობაში, კომუნისტების დროს, რაღაც ლიტერატურა აკრძალული იყო ხოლმე და შემდეგ ხდებოდა მისი მოძიება-მოპოვება და ეს უფრო რომანტიკულს ხდიდა ამ მოპოვებას. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ზოგადად ასეთი აკრძალვების წინააღმდეგი ვარ”.

ნუკრი ქანთარია: “არა, არა, როგორ შეიძლება, კანონი ნაწარმოების აკრძალვაზე იყოს?! მე არ ჩამიხედავს ამ კანონპროექტში, ქვეყანაში არ ვიყავი და ახლა ვერკვევი. რამდენადაც ავტორები ამბობენ, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონი და პირიქით, შემოქმედება არის ცენზურის გარეშე, დაუშვებელია ჩარევა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი ჩარევა, თუ აღვივებს შუღლს და არის პორნოგრაფია.

“ესეც ცოტა საკამათო თემაა ხშირ შემთხვევაში, პორნოგრაფიაა თუ ეროტიკა… ხშირად შესაძლებელია, სისასტიკეზე იყოს მთელი ფილმი თუ ნაწარმოები, მაგრამ სისასტიკიდან გამომდინარე ქადაგებდეს, სიკეთე რა არის.

“ზოგიერთი ახლა ამას სხვაგან აღიქვამს და იჩივლებს, ახლა კომედიაში გადავალთ. ხელოვნებაში გარკვეული ჩარევები, ვფიქრობ, დაუშვებელია და არც მგონია, რომ ამ კანონპროექტში ეს იდოს. ეს უფრო ინტერპრეტაციებს ჰგავს იმავე არასამთავრობოების მხრიდან. ყველაფერს მოსმენების დროს გავარკვევთ”.

ზაზა პაპუაშვილი: “თქვენ გავიწყდებათ, რომ სკანდინავიის ქვეყნებში, ევროპის სხვა ქვეყნებში ზოგიერთი მწერლის, ნობელის ლაურეატების წიგნებიც კი დაუწვავთ იმიტომ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. თუმცა, საერთოდ, წავიკითხოთ ნაწარმოებები და იქ რაღაც აღმოვაჩინოთ სასამართლოში წარსადგენად, ამას ცოტა არ ვემხრობი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სარჩელი აღმოჩნდება, რომლებითაც სასამართლოები გადაივსება.

“ხელოვნებაში ცენზურა ცოტა საშიში მგონია. ამიტომ, თუ კანონი რაღაც გარკვეულ ნოვატორულ დიფერენციაციას, რაღაც ჩამონათვალს გაითვალისწინებს, ეს საინტერესო იქნება.

“ახლა საფრანგეთში იძახდნენ: “მე შარლი ებდო ვარ”, მე არ ვარ შარლი ებდო. შეიძლება, ასეთი ფორმულირება იყოს, თუ სახელმწიფოს შიგნით ნებისმიერი ასეთი ნაწარმოები იწვევს შუღლს, დაპირისპირებას, მე მგონი, შეიძლება ამის გარიდება ისევე, როგორც ადამიანის ქცევები – არავინ არავის სახლში არ უვარდება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ ელგებეტე თემის პროპაგანდირებას, ნარკოტიკის თემის პროპაგანდირებასა და ასეთ უხამსობას და ლანძღვა-გინებას ხალხი ვერ ეგუება, შეიძლება, მცირერიცხოვანი ჯგუფი ძალადობს მრავალრიცხოვან ჯგუფზე.

“ეს ისეთი თემებია, რომ ასე ქირურგიული დანით, ასე “რეზკად” ვერ გადაჭრი. მე ლიტერატურულ ნაწარმოებში ცენზურას მოვერიდებოდი, მე არ ვიცი, კანონში დიფერენცირება როგორ არის. ზოგადად, ქცევა, წერა, რომელიც შიგნით შუღლს, დაპირისპირებას, ქაოსსა და გადატრიალებებს ითვალისწინებს, ასეთი ნაწარმოები არ უნდა გავრცელდეს, მე მგონი”.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, პრობლემას წარმოადგენს 1997 წელს მიღებული კონსტიტუციის ის ნორმა, სადაც საუბარია, რომ შესაძლებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, თუ არ ლახავს სხვათა უფლებებს. მაგრამ მაშინ ეს დებულება უმოქმედო იყო, რადგან კანონი არ განსაზღვრავდა არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც შეეძლო, ეს აკრძალვა სისრულეში მოეყვანა.

მისი თქმით, 1997 წლის კონსტიტუციის ამ დებულებას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას დაემატა ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდებოდა შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა სხვათა დასაცავად. თუმცა, კონსტიტუცია ზოგადი დოკუმენტია და ახლა, როდესაც ქვემდგომ კანონში დაკონკრეტდება, რომ სასამართლოს ეძლევა სარჩელების განხილვის უფლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ცენზურა დაწესდება.

“თუ რომელიმე რელიგიის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს არ მოეწონება რაღაც სპექტაკლი და მიიჩნევს, რომ ის სიძულვილის წაქეზებას ახდენს, შეუძლია, იჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს სპექტაკლის აკრძალვა სამოქალაქო წესით, ასევე – წიგნი ამოიღოს რეალიზაციიდან. ეს ეხება ხელოვნებისა და კულტურის პროდუქტს.

“ეს რეგულაცია არ მუშაობდა, რადგან არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა აკრძალვის უფლებამოსილება და ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს, თუკი კონკრეტული სარჩელებით ადამიანები წავლენ სასამართლოში. რეალურად ეს რეგულაცია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო წესით ადამიანებმა ცალკეული ლიტერატურული ნაწარმოებების, პიესების ცენზურას მიაღწიონ,” – ამბობს გოცირიძე.

 “რეზონანსი”

იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლი ჰერცოგონიას სტატუსით პირველად გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის ღირსეული წევრია (ფოტოები)
"თავდასხმა" პრინც ჰარიზე - რა მოხდა სასექსის ჰერცოგის პირველი ოფიციალური გამოსვლისას (ვიდეო)
"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა
როგორ დავძლიოთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი უნიკალური ინგრედიენტით
დაწერე კომენტარი