კობახიძის ვარაუდით, გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაცილებით მცირე იქნება

კობახიძე-გახარია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი იმაზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე IRI-ის კვლევამ აჩვენა. პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ გახარიას, როგორც პრემიერს, ქათული ოცნების რეიტინგი მიეხმარა. 

“როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, “ფიქრობთ, რომ როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება, გაცილებით მცირე იქნება? – კობახიძემ ამაზე უპასუხა: “ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ”.

IRI-ის მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში გიორგი გახარია გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს მოსწონს, 30%-ს კი არ მოსწონს.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან გამოჩნდა და პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა. 

დაწერე კომენტარი