კიდევ რამდენი დღე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა მოზღვავებას – ინტერვიუ სპეციალისტთან

ალექსანდრე გოგინავა

„ამოუწურავი რესურსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის საქართველოსაც. საწოლები უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეყოფა, თუმცა ახალი შემთხვევების დინამიკას გააჩნია. არ არსებობს სისტემა, რომელიც ისე უზრუნველყოფს ყველა პაციენტის სტაციონარულ მკურნალობას. მით უმეტეს, როდესაც ამდენი პაციენტია,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასეულით იზრდება, გარდაცვლილთა დინამიკაც მატულობს. თბილისი ვირუსის აფეთქების კერა გახდა. მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა, თუმცა ვირუსის გავრცელება კვლავ უკონტროლო ხდება.

არის თუ არა საჭირო მკაცრი შეზღუდვები, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმარისად მზად არის, რომ დღეში ათასეულ შემთხვევებს გაუძლოს – ამის შესახებ „რეზონანსთან” ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდეს. თუმცა ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ უნდა მოხდეს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ახალი შემთხვევები სულ მზარდი იყო, რაც სამწუხაროდ ჩვენზეც აისახა. ზაფხულში მოსახლეობის ნაწილი არ იცავდა რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენს დღევანდელობაზე საკმაოდ ცუდად აისახა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვირუსი ოთხნიშნა ციფრებით გვაქვს. ამ ეტაზე, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ასევე მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების დაცვა.

გარკვეული რეგულაციები უნდა ამუშავდეს, თუმცა არა კარანტინის გამოცხადება. ყველაფრის გაჩერება არ უნდა მოხდეს. საჭიროა ზომიერების დაცვა, რადგან მოხერხდეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამავდროულად ეპიდსიტუაციაც გაუმჯობესდეს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სახელმწიფომ რაღაც ღონისძიებები უნდა გაატაროს”, – განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, ხალხს ზაფხულში რეგულაციები რომ დაეცვა, ასე კატასტროფულად არ მოიმატებდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი.

„ბევრი ქვეყანა ცდილობს ვაქცინის შექმნას. ბოლო მონაცემებით უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დიდი ალბათობით ვაქცინა ხელმისაწვდიმო არ იქნება. იმედია, მსოფლიოს იმ წლის დასაწყისისთვის, გაზაფხული-ზამთრის პერიოდში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა იქნება. თუმცა ზუსტად ამის თქმა არ შემიძლია.

თუ წესებს დავიცავთ, ამით დაავადების გავრცელებას შევამცირებთ. კორონავირუსი ყველამ რომ მოიხადოს, ნამდვილად არ არის აუცილებელი. მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას დაემართება ეს ვირუსი, თუმცა ჩვენი ვალია დავიცვათ ის რისკ-ჯფუფები, რომლებთანაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს – ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც აქვთ გარკვეული იმუნური სისტემის პრობლემები. ჩვენ რომ ზაფხულში რეგულაციები დაგვეცვა, ვირუსი იმატებდა, მაგრამ ასე კატასტროფულად არა”, – განაცახადა გოგინავამ.

მისი აზრით, ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რაოდენობას უსასრულოდ ვერ გაუძლებს. „გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ კლება უნდა დაიწყოს. ამოუწურავი რესურსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც ნამდვილად არ არის ძლიერი ქვეყანა, არც ეკონომიკურად და არც ჯანდაცვის ხრივ. საწოლები უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეყოფა, თუმცა ახალი შემთხვევების დინამიკას გააჩნია. არ არსებობს სისტემა, რომელიც ისე უზრუნველყოფს ყველა პაციენტის სტაციონარულ მკურნალობას. მით უმეტეს, როდესაც ამდენი პაციენტია. რაც უფრო მეტი პაციენტი პერსონალს მეტი საქმე აქვს, ამიტომ შესაძლებელია სერვისის ხარისხმაც დაიწიოს. ბევრი პაციენტის შემთხვევაში უმჯობესია სტაციონარში ის ავადმყოფები განთავსდნენ, რომლებსაც მონიტორინგი სჭირდებათ. მსუბუქი შემთვევების მკურნალობა ბინაზე უკეთესია.

სტაციონარში უნდა განთავსდნენ პაციენტები, რომლებსაც მაღალი სიცხე აქვთ და არ ემორჩილება დაწევას. აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე და სუნთვის უკმარისობა”, -განაცხადა გოგინავამ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ყველა ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თავსდება კლინიკაში.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სერიოზული მატებაა და საჭიროა, მოსახლეობამ დაწესებული რეგულაციები დაიცვას.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში – 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში-7.

ყველა პაციენტი კმაყოფილდება. ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, თავსდებიან ჰოსპიტალში. ვისთვისაც აუცილებელია, მათთვის საკმარისი საწოლები არსებობს”, – განაცხადა ენდელაძემ.

რეზონანსი

დაწერე კომენტარი