“კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი, წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება”

თეა წულუკიანი

“კახი კახიშვილი იქნება მთავარი პროკურორი. კახის უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება.

“ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა “ოცნების” სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია, რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს”, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

“რეზონანსი”: პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 14 სამინისტროს ნაცვლად იქნება 11 და ამის გამო 3 კვირის ვადა ითხოვა. შედეგად, მთავრობა ორჯერ უნდა დამტკიცდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა სამინისტროს უერთდება სასჯელაღსრულების სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თქვენ როგორ აფასებთ ბახტაძის ამ ნაბიჯს?

სოსო ცინცაძე: ზოგადად, სამინისტროების შერწყმა მისასალმებელია, 3-მილიონიან ქვეყანას 14 სამინისტრო ნამდვილად არ სჭირდება. მე თუ მკითხავთ, 11-იც არ სჭირდება.

პირადად მე დიდი სიამოვნებით მივაყოლებდი შერიგების სამინისტროსაც. ეს სეპარატისტული რეჟიმების მისამართით ცოტა კარგი გზავნილიც იქნებოდა. ჩვენ აქ ვიძახით შერიგებაზე, იმაზე, რომ ძმები ვართ, იქიდან კი ლანძღვა-გინებისა და ცოცხალი ადამიანების გატაცების გარდა არაფერი არ ჩანს. ამიტომ ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა დიპლომატიურად გამართლებულად არ მიმაჩნია.

სპორტის სამინისტრო თავიდანვე რუდიმენტი იყო. ასევე, კულტურის სამინისტროს შეერთება სხვა უწყებასთან სწორიც არის, კულტურა აღარ არის საქართველოში და დამოუკიდებელი სამინისტრო რა საჭიროა? კულტურის სამინისტრო ჩვენთან, ტრადიციულად, კომუნისტური რეჟიმიდან გადმოვიდა.

ევროპის ქვეყნებში არც ერთი მსახიობი, მწერალი, მხატვარი თუ ვინც გინდა ბიუჯეტიდან ხელფასს არ იღებს, ჩვენთან კი სხვა ტრადიციაა. ჩვენთან კულტურის სამინისტრო ბოლო წლებში მახინჯ ურჩხულად იქცა იმიტომ, რომ, ელემენტარულად, იმპრესარიო დაგვისვეს მინისტრად, რაც საერთოდ წარმოუდგენელია.

თუ დევნილების სამინისტროსაც აუქმებენ, სოზარ სუბარს რას უშვრებიან, ნეტა? სუბარი ერთ-ერთი ფავორიტია ივანიშვილისა და არ მგონია ლუკმაპურის გარეშე დატოვონ. პრინციპში, სამინისტროების შემცირება კარგია, თუმცა მთავარია, ბიუროკრატიული აპარატი რამდენი პერსონით შემცირდება. თუ ჩინოვნიკები ახალ უწყებაში გადაიყვანეს და ბიუჯეტს შეღავათიი არ ექნება, მაშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

“რ”: ბახტაძემ თქვა, რომ არა მარტო სამინისტროები გაერთიანდება, არამედ ხარჯიც შემცირდება და გამოთავისუფლებული 100-120 მილიონით სხვადასხვა სოციალური პროგრამა დაფინანსდება.

ს.ც: ალბათ ეს 100-120 მილიონი სახელფასო ფონდის თანხაა და ამ თანხის უკან ხომ ცოცხალი ადამიანები დგანან, რომლებიც უმუშევრები უნდა დარჩნენ? თუმცა ეტყობა, რომ ყოველგვარ გონივრულ ზომას გადააჭარბა გაბერილმა კადრებმა. ამიტომ ეს შემცირება გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გაშვება რთულია.

თანაც, ბიუროკრატიაში ძირითადად არასაპენსიო ასაკის ადამიანები არიან დასაქმებულები და მათ პენსიაც არ ექნებათ. თან, ეს პოლიტიკურად სარისკოცაა, რადგან უმუშევრად დარჩენილი და განაწყენებული ადამიანი ვის მისცემს ხმას, საკითხავია, აგერ ცხვირწინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია მომდგარი და ხელისუფლება ელექტორატს დაკარგავს.

როგორც წესი, ყველა არჩევნებში ხელისუფლებას ხმას საბიუჯეტო აპარატი და მათი ოჯახის წევრები აძლევდნენ. ამიტომ ეს ცოტა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეტყობა, სხვა გამოსავალი არ არის.

“რ”: ოპოზიციამ ბახტაძის გეგმა – მთავრობის ორჯერ დამტკიცება გააკრიტიკა. “ევროპულმა საქართველომ” თქვა, რომ “ეს გადაწყვეტილება ეგზოტიკურია”. ხოლო დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ “ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო” და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს კონსტიტუციის გადახედვას ურჩევს. თქვენთვისაც უცნაურია 3-კვირიანი მთავრობის დაანონსება?

ს.ც: ეს ეგზოტიკაა. ამ მინისტრებმა რა განწყობით უნდა იმუშაონ ეს 3 კვირა?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ახალი პრემიერისათვის გუშინ არ გამხდარა ცნობილი, რომ ის პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. მან, დიდი ხანია, იცის, რომ ადრე თუ გვიან გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და საკმარისი დრო ჰქონდა, ახლო გარემოცვაში ცვლილების შეტანის გეგმა ჩამოეყალიბებინა.

ეტყობა, ფსიქოლოგიურად შემზადებაა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება, პროტესტი არ მოჰყვეს იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება მოითხოვს წულუკიანის გადაყენებას და როგორც ჩანს, წულუკიანი რჩება მინისტრად.

ალბათ ეს 3 კვირა ამორტიზაციისთვის არის საჭირო. თანაც, ახალი პრიორიტეტები გაისმა მთავრობის კონცეფციის შეცვლაზე და ამით ცდილობენ, წულუკიანის მიმართ ინტერესი დაიკარგოს. ჩვენ ხომ ასე ვართ, სკანდალიდან სკანდალამდე, მოვლენიდან მოვლენამდე ვცხოვრობთ, ამ 3 კვირაში კი ბევრი რამ მოხდება, შეიცვლება და საზოგადოება ინტერესს დაკარგავს წულუკიანის მიმართაც. ალბათ ესაა.

“რ”: თქვენ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, წულუკიანი კახი კახიშვილით ჩაანაცვლონ? მით უფრო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით უერთდება იუსტიციის სამინისტროს. კახიშვილი ყველაზე წარმატებულ მინისტრადაც მიიჩნევა და მას დატოვებენ თანამდებობის გარეშე?

ს.ც: ეტყობა, კახი იქნება მთავარი პროკურორი. მას უმუშევრად არ დატოვებენ და ეტყობა, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მთავარი პროკურორი იყოს. ის არის ფიგურა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. წულუკიანი კი ნამდვილად დარჩება.

ჩვენთან 4-5 კაცი რომ რაღაცას გადაწყვეტს, მეორე დღეს მთელმა ქვეყანამ იცის. 100 კაცი ესწრებოდა “ოცნების” სხდომას და რაც იქ ითქვა, უკვე ყველამ გაიგო. ითქვა, რომ წულუკიანი მორჩილად არ შეხვდა მისადმი პრეტენზიებს. თანაც, მგონია, რომ ივანიშვილს წულუკიანი მოსწონს კიდეც და ამიტომ არ უშვებს.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი