ლიტვაში “კაგებეს” აგენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება საქართველოში?

ლიტვაში “კაგებეს” სავარაუდო აგენტების სიის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო და “დიდი საინფორმაციო ბომბიც” აფეთქდა, რადგან ამ სკანდალურ სიაში აღმოჩნდა თითქმის ყველა ცნობილი ლიტველი, ხელოვნების სფეროს ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც კი. რა მოხდება, თუკი მსგავსი პროცესი დაიწყება ჩვენთან და რამდენად მასშტაბური იქნება ცნობილ ხელოვნების მუშაკთა, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა სია, რომლებიც “კაგებესთან” თანამშრომლობდნენ?

შავი ჩაი ასკილით

“ქართული ოცნების” წევრი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ უკვე გვიანია ამის გაკეთება, თანაც ეს დიდ უსიამოვნებას მოიტანს, ადამიანებს დააპირისპირებს ერთმანეთთან, თან სიაში “ალბათ ბევრი დაფასებული ადამიანი იქნება” და ამიტომ “წარსულში ქექვა საჭირო არ არის”.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “კაგებეს” ქართველი აგენტების სია ძალიან მასშტაბური იქნება და მისი გამოქვეყნება იქნებოდა “ბირთვული ბომბი”, თუმცა ამბობს, რომ სიის გასაჯაროება აუცილებელია, რადგან საბჭოთა კავშირისგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ არ ვიცით, სინამდვილეში რა მემკვიდრეობა დატოვა ამ რეჟიმმა.

“ეს იქნებოდა ბირთვული ბომბი იმიტომ, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობების, ინტელიგენტების, მეცნიერების დიდი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიაში. ძალიან საპატიო და დაფასებული ხალხი, ამიტომ ეს იქნებოდა ბომბი,” – ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ არაერთხელ მოითხოვა, საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართველი აგენტების ლუსტრაცია მომხდარიყო.

“თუმცა არგუმენტია, რომ ჩვენ გვაქვს აგენტების სია, მაგრამ არ გვაქვს მათი საქმეები, რადგან რუსეთშია გატანილი და თუ საქმე არ არის, შეიძლება იმ კაცმა რაღაცას ხელი მოაწერა, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებია და აბა ახლა ასეთი “პატიოსანი” ხალხი ხომ არ უნდა შევაწუხოთ?! ეს იყო არგუმენტი, მაგრამ რეალურად არგუმენტია ის, რომ ეს სია თვითონ უფროსებმა დაიდეს და გამოიყენეს ეს აგენტები თავიანთ სასარგებლოდ,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ცნობისათვის, ლიტვაში ყოველკვირეული გაზეთ “რეპუბლიკის” მთავარმა რედაქტორმა ვიტას ტომკუსმა გაზეთში იმ ადამიანების სიის გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც, გაზეთის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დროს “კაგებესთან” ფარულად თანამშრომლობდნენ. გაზეთში ჯერ მხოლოდ ამ სიის ნაწილი გამოქვეყნდა, მაგრამ დიდი ხმაური უკვე გამოიწვია, რადგან საუბარია იმაზე, რომ 1940 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში 118 000-ზე მეტი ლიტველი აღმოჩნდა “კაგებესთან” თანამშრომლობის სიაში, მათგან 1589-მა აღიარა კიდეც ეს.

როგორც ტომკუსი ამბობს, ამ სიაში ქვეყანაში ცნობილი ადამიანები არიან, საზოგადო მოღვაწეები, კინოსა და თეატრის მსახიობები, მხატვრები, რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, მათ შორის ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სეიმის წევრები არიან და, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის გარემოცვიდან, მაგალითად, სიაში არიან ლიტვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტი, “ლიტვის დამოუკიდებლობის მამა” ვიტაუტას ლანდსბერგისი, პრემიერ-მინისტრი საულიუს სავარვენელი და სხვა მრავალი გამოჩენილი პოლიტიკოსი და მსხვილი ბიზნესმენი.

ლიტველებმა აღიარეს, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყვნენ და მათი სიის გასაჯაროებაც დაიწყო. საქართველოში კი, რაც უნდა პარადოქსული იყოს, 2011 წელს მიღებულია “ლუსტრაციის კანონი”, სადაც წერია, რომ პოლიტიკაში აგენტების ყოფნა ქვეყნისთვის სახიფათოა და ასეთი ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა დაუშვებელია, თუმცა ვინ არის აგენტი რეალურად და ვინ – არა, ამის საზოგადოებისთვის გასაჯაროება არ მომხდარა, ამდენად, ვინ სად ინიშნება, გაურკვეველია.

“ქართული ოცნების” წევრ ალექსანდრე ქანთარიას თქმით, “კაგებეს” აგენტების ლუსტრირების დრო გავიდა, ეს თავის დროზე უნდა მომხდარიყო.

“ახლა ეს უკან დაბრუნებას ჰგავს. ძალიან ბევრი ცოცხალი არ იქნება და ალბათ სიაში იქნებიან ადამიანები, რომლების მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს და ახლა ამის ქექვა არ მგონია საჭირო. ასევე, რამდენადაც ვიცით, ძალიან ბევრი არქივი განადგურდა და ამიტომ დამტკიცება – რა სწორია და რა – არა, გაჭირდება. თან, ამ ადამიანებს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და კიდევ უფრო ავრევთ ყველაფერს,” – ამბობს ქანთარია.

რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის თქმით, ასეთი ადამიანების ლუსტრირება არასდროს არ არის გვიან. ის, რაც ახლა ხდება ლიტვაში, ადრე ჩეხეთშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მოხდა და ეს აუცილებელია.

“ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ ე.წ. წითელი ინტელიგენციის ღია წერილი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ და ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, თავად გამოიქვეყნეს თავი. სამწუხაროდ, არც ერთმა ჩვენმა ხელისუფალმა არ ისურვა ამ გზით წასვლა. ძალიან საწყენია, რომ ეს არ გააკეთა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც ეს ნამდვილად შეეძლო. ამას მით უმეტეს არ გააკეთებდა შევარდნაძე გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო, როდესაც სააკაშვილსაც არ მოუნდა ამის გაკეთება. ყველას ურჩევნია, რომ ამ აგენტებთან იმუშაოს და გამოიყენოს ისინი, ვიდრე ხალხმა იცოდეს სიმართლე. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ლუსტრაცია არ მოხდა და სამაგიეროდ იმის საშუალება არსებობს, რომ “კაგებეს” მკვიდრმა აგენტებმა ჩვენ გვიძახონ “კაგებეს” აგენტები. მაგალითად, მე ვარ აღიარებული “აგენტი” და ჯონდი ბაღათურია და კიდევ ვინც იმ წერილს ხელს აწერენ – წმინდანები. ჩვენ თავის დროზე, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი მინისტრი იყო, მანამდეც და შემდეგაც ვცადეთ რეალური და მოქმედი ლუსტრაციის კანონის მიღება. ჩვენ გვაქვს სათანადო კანონი, რომელიც თითქოს ამას აკეთებს, მაგრამ აგენტურასთან ბრძოლის არანაირი გზა და საშუალება არ გაგვაჩნია. საერთოდ, ჩვენ არ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას, პირიქით, ცოტა ხელსაც კი ვუწყობთ. პირველ არხთან დაკავშირებით წრიალი სწორედ რუსული ძალების, ამ ძალების წრიალია, სხვათა შორის,” – ამბობს ბერძენიშვილი.

მისი განცხადებით, ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ და ამას ამბობს კიდეც ლუსტრაციის კანონი.

“მიიჩნევა, რომ ისინი თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნონ. თუ ხალხმა იცის, რომ აგენტია და მაინც ირჩევს პარლამენტში, ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ იყოს მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ელჩი და ასე შემდეგ არ შეიძლება. ეს კანონი გვაქვს, მაგრამ აგენტებს ვერ ვავლენთ და ეს კანონი არ მოქმედებს. აქ პოლიტიკა არ არის ისე მთავარი, ეს ადამიანები პოლიტიკას მაინცდამაინც ვერ აწუხებენ, როგორც საზოგადოების ცხოვრებას, აი, თუნდაც ის ადამიანები, რაღაც წერილებს რომ წერენ. ეს ადამიანები გულწრფელები კი არ არიან, ეს აგენტურაა,” – დასძენს ბერძენიშვილი.

წყარო:http://www.resonancedaily.com

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი