“ის რაც მათ ოჯახში იყო არასოდეს მინახავს” – რას ყვებიან გარდაცვლილ მშობიარე ქალზე ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, ხაშურში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ვინაობა, ის 40 წლის ინგა კაკიაშვილია.  

ექსკლუზიური ფოტოები, სადაც გარდაცვლილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, „პრაიმტაიმს“ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა შორენა მოსიძემ მიაწოდა.

შორენა და სხვა ქართველი ემიგრანტები კაკიაშვილების ოჯახს პროდუქტებითა და საჭირო ნივთებით 3 ოქტომბერს დაეხმარა. ეს ფოტოებიც სწორედ მაშინ გადაიღეს.

ემიგრანტებს ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია სურამელმა მედეა რუსიამ მიაწოდა.

„პრაიმტაიმი“ სწორედ მას ესაუბრა.

როგორც მისგან გავიგეთ, მშობიარე ქალბატონი სურამში ოთხ მცირეწლოვანთან ერთად, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მეუღლე სამუშაოდ თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მას არასტაბილური სამსახური ჰქონდა. ისინი სურამში ე.წ. ებრაელების უბანში სინაგოგასთან ცხოვრობენ.

„60 წელს გადაცილებული ქალბატონი ვარ და ასეთი სიღატაკე არსად მინახავს, რაც მათ ოჯახში ვნახე. 12 წლიდან 3 წლამდე ოთხი ბავშვი, მიწაზე ცხოვრობენ, მათ იატაკიც კი არ აქვთ… არა ფარდა, არა თეთრეული. როცა ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტს, ქალბატონ შორენა მოსიძეს მივაწოდეთ, მათ გარკვეული თანხა შეაგროვეს და გადმომიგზავნეს. იმ თანხით პროდუქტები შევიძინე და მივუტანე. უნდა გენახათ დამშეული ბავშვები როგორ უყურებდნენ… პროდუქტების ავტომობილიდან დაცლის დროს ერთი კარტოფილი გადმოვარდა და მანქანის ქვეშ შევარდა. ისე შევარდა ერთ-ერთი მცირეწლოვანი მის გამოსატანად, გაოცებული დავრჩი… ვერ აგიხწერთ რამხელა სიხარული ჰქონდათ, როცა იქ მივედი დატვირთული. ადგილზე მისულმა  ორსული დიასახლისი ვნახე, ვკითხე როდის ელოდებით-მეთქი, დღე-დღეზეო-მიპასუხა. გავარკვიე, რომ სამშობიაროსთვის ნაყიდი არაფერი ჰქონდა – მეუღლეს სამუშაო ხან აქვს და ხანაც არა, თუ რამე იშოვა რომ ჩამოვა თბილისიდან და მიყიდისო. მის მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გულის სტენდირება აქვს გაკეთებული, მისი ფიზიკური მუშაობა არ შეიძლება, თუმცა მაინც მუშაობს.

ემიგრანტების გამოგზავნილი თანხიდან გარკვეული ნაწილი შემოვინახე. წავედი აფთიაქში, ვუყიდე პამპერსი, საწოვარა, სველი ხელსახოცი და მეორედ 6 ოქტომბერს ვესტუმრე. ეზოში ბავშვებმა რომ დამინახეს, მაშინვე დედას დაუძახეს, ის ქალი მოვიდა, ალბათ კიდევ რაღაც მოგვიტანაო… თვითონ ინგაც ისეთი ბედნიერი იყო, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და მეხუტებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მთელი ორსულობის პერიოდში ექიმთანაც კი არ იყო მისული მშობიარობამდე. ორსულობასთან  დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მე თვითონ ექიმი გახლავართ და ერთადერთი რაც შევატყე, დიდი მუცელი ჰქონდა. როგორც მერე გავიგე დიდი ნაყოფი იყო, ოთხ კილომდე. ოთხი ბიჭი ჰყავს და მეხუთესაც ბიჭს ელოდებოდა. ბავშვები დედაზე ძალინ ზრუნავდნენ, ყველაფერზე ეუბნებოდნენ, შენ არ აწიო, ჩვენ ავწევთო… ცდილობდნენ რითაც შეეძლოთ მხარში ამოდგომოდნენ. ძალიან უფრთხილდებოდნენ დედას. როგორც თვითონ ინგამ მითხრა, ძირითადად მეზობლები ეხმარებოდნენ.“ – ამბობს მედეა რუსია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მშობიარე ქალს სისხლდენა დაეწყო და მერე გული გაუჩერდა, ნაყოფის გარდაცვალების მიზეზად კი ასფიქსიას ასახელებენ. გარდაცვლილს დედა ჰყავს, რომელიც სურამში მეეზოვედ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მშობიარე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს შეიყვანა. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა მედიკოსებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს, რის გამოც დედაც და ჩვილიც გარდაიცვალა.
primetime.ge

დაწერე კომენტარი