“ისე ეშინოდა, არსად დადიოდა. ერთხელ გავიდა გარეთ და…” – ანზორ ერქომაიშვილს სამების ტაძარში დაასვენებენ

ერქომაიშვილი

ქართველ მუსიკოსს, ფოლკლორისტსა და საგუნდო დირიჟორს ანზორ ერქომაიშვილს აბანოთუბანში, საკუთარ სახლში მიასვენებენ. 80 წლის მაესტრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, დილით გარდაიცვალა.

როგორც ფრიდონ სულაბერიძემ ჩვენთან საუბარში თქვა, დიდ ფოლკლორისტს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ და სამოქალაქო პანაშვიდი იქ გაიმართება.

“შაბათს დაკრძალავენ, ჯერ არ გადაწყვეტილა – სად” – ამბობს ფრიდონ სულაბერიძე.

ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის მეგობრობა მათი დიდი ოჯახიდან – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავიდან” იღებს სათავეს. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი თავს ძალზედ ცუდად გრძნობს.

79 წლის ფრიდონ სულაბერიძემ კორონავირუსი დეკემბრის დასაწყისში გადაიტანა. მეგობარზე კი, “პრაიმტაიმს” უყვება, ამ ინფექციის შეყრის თუ როგორ ეშინოდა.

ფრიდონ სულაბერიძე: – მე დღეს რომ ეს ინფორმაცია გავიგე, მეხი დამეცა! ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.

გაგიჟებული ვარ. საიდან აეკიდა ეს საშინელება. ანზორი ისე უფრთხოდა და ეშინოდა კორონავირუსს, რომ არც მოდიოდა ჩვენს დარბაზში რეპეტიციებზე. არსად არ დადიოდა. ერთხელ გავიდა გარეთ და…

ქართულ ხელოვნებას დიდი ძალა გამოაკლდა. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი, პიროვნება და ხელოვანი იყო, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა ქართული სიმღერა, მისი გემო და სურნელი. ყველა მომღერალზე და მოცეკვავეზე ფიქრობდა და ზრუნავდა. ძალზედ კეთილი და გულიანი კაცი იყო ყველასთვის. ანსამბლში ვინმეს რომ რაიმე გაუჭირდებოდა, გვერდზე უდგებოდა. ყველგან მიყვებოდა, სადაც შეიძლებოდა მისვლა და ცამდე აიყვანდა იმის მიუხედავად, იყო თუ არა დიდი მოცეკვავე ან მომღერალი. გვერდით დაუდგებოდა. ეს ძალიან დიდი რამეა. როდესაც შენი ხელმძღვანელი ასე გაქებს, მაშინ შენ გიჟდები, სულ სხვანაირი ხდები.

ბოლო მოგზაურობას გავიხსენებ. სამი წლის წინ, თვენახევრით ვიყავით იაპონიაში, 21 ქალაქი მოვიარეთ. ეს ყველაფერი ანზორის გაკეთებული იყო. იაპონელებთან ისეთი სითბო დაამყარა, რომ 2000-2500 კაციან დარბაზებში ერთი ადგილი არ იყო ცარიელი. გადავსებული იყო. პარტერიდან ვადევნებდი თვალყურს. ცეკვა “ქართულის” ყველა გასმაზე ტაშს უკრავდნენ.

რომ არა ანზორ ერქომაიშვილი, ჩვენ ეს ზღაპრული, იაპონური გასტროლი არ გვექნებოდა. ასეთი მოგზაურობა არც ერთ ანსამბლს არ ჰქონია. ეს იყო დაუვიწყარი გასტროლი.

ყველა, ვისაც ქართული სიმღერა და ხელოვნება უყვარს, დღეს ძალიან შეწუხებულია და მათთან ერთთან მეც.

დაწერე კომენტარი