იდუმალი სახლი თბილისში – მილიონერი სომეხი მენავთობის სევდიანი ისტორია

იდუმალი სახლი

ულამაზესი სახლი თბილისში, აღმაშენებლის 149-ში _  ათწლეულების განმავლობაში ის უცხო თვალთაგან დაფარული იყო. მარადმწვანე ბუჩქები და ხეები, რომლებიც მისმა პირველმა მფლობელმა უხვად დარგო ეზოში, მებაღის მზრუნველ ხელს მოკლებულნი, გაიბარდნენ, ერთმანეთში გადაიხლართნენ, გაუვალი კორომი შექმნეს და მძიმე, მწვანე ფარდა ჩამოაფარეს სახლს.

აღმაშენებლის გამზირის პირველი ნახევრის რესტავრაციის შემდეგ სახლს მწვანე საბურველი შემოაცალეს და შეძლებისდაგვარად პირვანდელი სახე დაუბრუნეს. ძვირფასი მარგალიტივით აბზინდა სახლის მოჩუქურთმებული აივნები, სადარბაზო შესასვლელი, ეზოს მოდარაჯე ლომებმა თათები ბრინჯაოს ბურთებზე შემოაწყვეს და დინჯი მზერა მიხაილის, აწ უკვე აღმაშენებლის პროსპექტს მიაპყრეს.

სახლის აგების ისტორიასა და მის პატრონზე ძალზე მწირი ცნობები მოიპოვება, თუმცა მას აქვს უცნაური მიზიდულობის ძალა, რომელსაც სახლის ერთ-ერთი მობინადრე, ფილოლოგი, პოეტი, მარინა კირაკოსიანიც გრძნობს. სწორედ ის გვიამბობს, თუ ვინ ცხოვრობდა ხელოვნების ნიმუშთან გატოლებულ ამ ულამაზეს შენობაში და როგორი იყო მათი ყოფა მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე.

– ქალბატონო მარინა, ვინ იყო ამ სახლის პატრონი და როდის აშენდა ის?

– ცოტა შორიდან დავიწყებ. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ბაქოში მთელი ძალით გაჩაღდა ნავთობის მოპოვება და რეალიზაცია. ნავთობმა უდიდესი სიმდიდრე მოუტანა მათ, ვისაც აქციები ჰქონდა შეძენილი და ნავთობმაგნატებად იწოდებოდნენ. მათ შორის იყო სომეხი ავეტიკ გუკასიანი. ის იმდენად მდიდარი იყო, რომ შეეძლო, იმ დროისთვის ყველაზე მოდური არქიტექტორი მოეწვია და მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე აეშენებინა სასახლეები.

მას ჰქონდა ძალიან დიდი, ულამაზესი სასახლე ბაქოში, სახლის შესასვლელს მარმარილოს დაფა ამშვენებდა, რომელზეც ოქროს ასოებით იყო ამოკვეთილი პატრონის გვარი და სახელი. ასევე კონსტანტინეპოლში ჰქონდა სასახლე. თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა, ძალიან მოსწონდა ქალაქი და გადაწყვიტა, თავისი ოჯახისთვის აქ აეშენებინა შედარებით პატარა ზომის, მაგრამ გამორჩეული არქიტექტურის და სილამაზის საცხოვრებელი სახლი.

– ვინ იყო არქიტექტორი?

– არქიტექტორი იყო გერმანელი პაულ ფონ შტერნი. იგი თბილისში უკვე ძალიან პოპულარული იყო. მას ეკუთვნის შენობები ბაქოსა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, კიევისა და აღმაშენებლის კვეთაზე, აგრეთვე კარგარეთელის ქუჩაზე არსებული ულამაზესი სასახლე, სადაც დღეს კინოს, თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმია.

ფონ შტერნის არქიტექტურით მოხიბლულმა გუკასიანმა მას შეუკვეთა სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო მყუდრო, თბილი, მოხერხებული და კოპწია, ამავე დროს აუცილებლად გამოეხატა პატრონის სიმდიდრე და დიდებულება.

პაულ ფონ შტერნი კარგად იცნობდა ევროპულ არქიტექტურას, მან გაითვალისწინა თბილისის ლანდშაფტი, ერთმანეთს შეუხამა ქართული და ევროპული შტრიხები და საბოლოოდ შექმნა ხელოვნების შედევრი, რომელმაც საოცრად დაამშვენა მაშინდელი მიხაილის გამზირი.

სახლი ქართული, წითელი აგურისგან არის აშენებული, რომელიც სპეციალურად მოიჭრა და დღესაც არ დაუკარგავს პირვანდელი ფერი და სილამაზე, პირიქით, დრო-ჟამის მსვლელობისას ჩამუქდა და რაღაცნაირი იდუმალებით შეიმოსა. პატარა თბილისური აივნები, რომლებსაც ისეთი ჩუქურთმები ამშვენებდა, ხელით ნაქარგი მაქმანის უნაზესი ფარდა გეგონებოდათ, ზურმუხტისფერი იყო.

სახლში იყო რამდენიმე ვრცელი დარბაზი, მისაღები, სასადილო, სამეჯლისო, საცხოვრებელი ოთახები და ავეტიკ გუკასიანის სამუშაო კაბინეტი. თითქმის ყველა ოთახში იყო სხვადასხვა ფერის, იშვიათი სილამაზის ბუხრები, რომლებიც შემდგომში მობინადრეებმა ისეთ ფასად გაყიდეს, ზოგიერთმა ბინაც კი შეიძინა. მე კარგად მახსოვს მწვანე, ოქროსფერი, შოკოლადისფერი ჩუქურთმიანი მარმარილოს ბუხრები, მათი საშუალებით მთელი სახლი თბებოდა.

სახლი ორსართულიანია, ხოლო მესამეს ვერანდა წარმოადგენდა. ვერანდა შემოსაზღვრული იყო ასევე მწვანე, ხის ჩუქურთმიანი აივნებით, ხოლო შუაში დიდი ოთახი იყო ნათელი, ორნამენტებიანი ფანჯრებით. თუ ამინდი შეიცვლებოდა ან ვერანდაზე სტუმრად მყოფ საზოგადოებას შესცივდებოდა, შეეძლოთ იმ ოთახში შესულიყვნენ, რომელიც დარბაზს უფრო ჰგავდა და უამრავი გასართობით დამტკბარიყვნენ. იქ მიირთმევდნენ ძვირფას ინგლისურ ჩაის, აგემოვნებდნენ უცხოეთიდან სპეციალურად მათთვის გამოგზავნილ ტკბილეულს და ვრცელი სარკმლებიდან თბილისის ხედებს ათვალიერებდნენ.

– ეს ვერანდა აღარ არსებობს?

– არა, მობინადრეებმა დაინაწილეს, მთლიანად შემინეს და საცხოვრებელ ფართად აქციეს.

სახლს წინ დიდი ეზო ჰქონდა, რომლის ალაყაფის რკინის კარს ორი, უზარმაზარი ბრინჯაოს ლომი დარაჯობდა. ის ცნობილი ლომები შემდგომში ქალაქის მთავრობამ წაიღო და ზოოპარკის შესასვლელში დააბრძანა.  მათ ადგილზე შედარებით მინიატურული ლომები კი სახლის და პროსპექტის რეაბილიტაციის შემდეგ არის ჩამოსხმული.

ეზოში უამრავი ხე, მარდამწვანე, დეკორატიული ბუჩქი და ყვავილი ხარობდა, შუაში კი იყო აუზი, რომლის შუაგულში ბიჭუნა და ოქროს თევზი იდგა. ბაღი ინგლისური ბაღების პრინციპით იყო გაშენებული და პატარა სამოთხეს ჰგავდა.

სახლის უკან თავლები იყო, სადაც საუკეთესო ჯიშის ცხენებს ინახავდნენ. ჰქონდათ ფაეტონები და ავეტიკ გუკასიანი ოჯახით მეფურად დაბრძანდებოდა მდიდარ და წარჩინებულ თანამემამულეებთან თუ მთავარმართებელთან გამართულ დარბაზობებზე.

– ავეტიკ გუკასიანის ოჯახზე რა ცნობებია შემონახული?

– ავეტიკ გუკასიანს მეუღლე ანა და ქალიშვილი თამარი ჰყავდა, რომლებიც უზომოდ უყვარდა და ძალიან ანებივრებდა. იმდენად შეჰფოფინებდა თავის ერთადერთ ქალიშვილს, რომ მისი გათხოვებაც კი ვერ წარმოედგინა. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მხოლოდ თამარის გათხოვების შემდეგ ეყოლებოდა შთამომავლები. ეს რაც შეიძლება გვიან რომ მომხდარიყო, სპეციალური ანდერძიც ჰქონდა შედგენილი, სადაც ეწერა, თუ თამარი პატარა ასაკში მოინდომებდა გათხოვებას, მას მთელ ქონებას ჩამოართმევდა.

ავეტიკ გუკასიანი ცნობილია, როგორც მეცენატი და ქველმოქმედი. იგი დაუნანებლად გასცემდა თანხებს ქალაქის კეთილმოწყობისათვის, ასევე ნიჭიერი ღარიბი ახალგაზრდების დასახმარებლად. განსაკუთრებით ეხმარებოდა თანამემამულეებს, აგზავნიდა მათ სასწავლებლად უცხოეთში. მასზე ხშირად წერდნენ სომხური გამოცემები, სამწუხაროდ, ბევრი მასალა აღარ არის შემორჩენილი.

სახლის მშენებლობა 1888 წელს დაიწყო, დასრულდა საუკუნის მიწურულს, ავეტიკ გუკასიანს დიდხანს არ უცხოვრია თავის საოცნებო სახლში, იგი 1902 წელს გარდაიცვალა.

– მისი ოჯახი თბილისში დარჩა?

– დიახ. ანას და თამარს აურაცხელი ქონება დარჩათ და შეეძლოთ უცხოეთში წასვლა, მაგრამ ძალიან უყვარდათ თბილისური სახლი, აქ ჰქონდათ ძვირფასი საფლავი და წასვლაზე არც უფიქრიათ.

– საბოლოოდ რა ბედი ეწიათ მათ?

– რევოლუციამდე თბილისში გავრცელებულმა მძიმე გრიპმა, ისპანკამ, იმსხვერპლა დედა-შვილი. ისინიც ოჯახის უფროსის გვერდით დაკრძალეს. დღევანდელ კოლმეურნეობის მოედანზე, იქ, სადაც სკოლაა, იდგა ვანის ეკლესია, რომელიც იშვიათი სამგუმბათიანი ტაძარი იყო. იქ არიან დაკრძალული ავეტიკ გუკასიანი და მისი ცოლ-შვილი.

რევოლუციის პირველ წლებში, როცა უმოწყალოდ ირბეოდა ეკლესია-მონასტრები, კომუნისტებმა ეს ეკლესიაც დაანგრიეს და მისი აგურებით სკოლა ააშენეს. ასე რომ, ცნობილი მეცენატის და მილიონერის ოჯახის საფლავები დღეს უკვე დაკარგულია.

– მათი გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ვინ დასახლდა?

– ოჯახის ნათესავი ცხოვრობდა. კომუნისტურმა ექსპროპრიაციამ არც გუკასიანის ქონება დაინდო. ნათესავი უცხოეთში გაიქცა, სახლში კი, როგორც წესი, “ჩეკას” ოფიცრები შეასახლეს. სად გაქრა ავეჯი ან უამრავი ძვირფასი ნივთი და ანტიკვარი, უცნობია. მხოლოდ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მისცეს უფლება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გამოთავისუფლებულ ბინებში ეცხოვრათ. “ჩეკას” ზოგიერთმა ოფიცერმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი კი უფრო დიდ ფართში გადავიდა.

სწორედ ამ პერიოდში გადმოვიდა ჩემი ოჯახი აქ საცხოვრებლად. ჩვენ გვერგო ერთი ოთახი, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. მე მაშინ 6 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს სახლის წინ გაშენებული ულამაზესი ბაღი, სადაც ბავშვები ვთამაშობდით.

დროთა განმავლობაში მოუვლელობით ბაღი გავერანდა, ხეებმა და ბუჩქებმა ისე დაფარა აქაურობა, ქუჩიდან საერთოდ არაფერი ჩანდა. ძალიან მიხარია ჩვენი პროსპექტის რეაბილიტაცია. უამრავი ადამიანი მოდის სახლის სანახავად, გამვლელ-გამომვლელი ჩერდება და ვხედავ გაოცებულ სახეებს. ალბათ ფიქრობენ, ნეტავ, საიდან გაჩნდა აქ ეს სილამაზეო.

3 წლის წინ ჩვენს ეზოში სამი გერმანელი შემოვიდა, რომლებიც დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ სახლს. როგორც აღმოჩნდა, ისინი პაულ ფონ შტერნის შთამომავლები იყვნენ. გვითხრეს, რომ არქიტექტორი წარჩინებული წრიდან იყო, გვარის წინ არსებული ნაწილაკი “ფონ” ნიშნავს, რომ ისინი ბარონები იყვნენ.

მიყვარს ეს სახლი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიწროდ ვცხოვრობ, ვერ დავტოვებ, სხვაგან საცხოვრებლად ვერ წავალ. მე ვგრძნობ სახლის სულს, რომელშიც გაერთიანებულია არქიტექტორის, მშენებლების, ხელოსნების, სახლის პატრონების სული. ზოგჯერ მათი სიცილიც მესმის და ფაეტონების ეჟვნების წკრიალიც. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, მე რომ აქ ვცხოვრობ, ისინი მშვიდად არიან.

  სარკე

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი