თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა

საკრებულოს დეპუტატებმა თვითმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის შესახებ გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

cyc

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა კონფერენციაში -,,ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში – ევროპული ქარტიის პრინციპები“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართა, ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ორგანიზებითა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის- თამარ ტალიაშვილის კოორდინაციით მოეწყო.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა და როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობისა და მონაწილეობის ზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც საკრებულოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის საკრებულოს მიერ განსახილველი ნორმატიული აქტების შესწავლისა და აღნიშნული მიმართულებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით, საკრებულოში უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ფუნქციონირებს.
მისივე თქმით, 2017 წლის დასაწყისში თბილისის საკრებულომ გენდერული სტრატეგიაც დაამტკიცა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით მრავალმხრივ ღონისძიებებს მოიცავს.
დღესვე კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, NALAG-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა-თამარ ტალიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ-შომბი შარპმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა-ლაურა თორნტონმა და ALDA-ს, ევროპული ასოციაციის ადგილობრივი დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა ნინო თვალთვაძემ მოაწერეს.
კონფერენციაში, რომელიც მოდელირებული დისკუსიით – ,,ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში – პერსპექტივები და გამოწვევები საქართველოში“ დასრულდა, მონაწილეობა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებმა, საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის, ასევე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი 60-მდე ორგანიზაცის წარმომადგენლებმა მიიღეს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი