“თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერც გაგვაჩერებს…” – ხაზარაძის მიმართვა ივანიშვილს

ივანიშვილი-ხაზარაძე

სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილს და „ოცნებას“ მათი ეშინია.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმართა, სადაც საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო.

“პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“ ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული… ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძის სხდომა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძის გრაფიკის გამო გადაიდო.

დაწერე კომენტარი