თემო ნიქაბაძე: მთავარია, გოგოს პატარა ცხვირი ჰქონდეს

თემო

თემო ნიქაბაძემ 21 წელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში გაატარა, დაახლოებით 3 წლის წინ კი დედაქალაქში გადმოსახლდა და “კომედი შოუს” ნაწილი გახდა. თითქმის ყველა სკეტჩში მონაწილეობს, განსაკუთრებით პოპულარული კი მისი პერსონაჟებიდან მასწავლებელია, რომელსაც თვითონ “წუნკალს” უწოდებს.

მშობლიურ ფარცხანაყანევში თემოს ყოველთვის დიდი სიხარულით ელიან, თავიანთ კუთხეში გაზრდილ ბიჭს სხვადასხვა პაროდიის გაკეთებას სთხოვენ. ისიც თანასოფლელებს ამ თხოვნას დიდი სიამოვნებით უსრულებს.

“სარკემ” თემოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

– თემო, მძიმე კონკურენციის პირობებში გიწევთ სკეტჩების კეთება. რამდენიმე თვის წინ “კომედი შოუდან” ძლიერი ჯგუფი წავიდა და ახლა ისინი “მთავარ არხზე” ქმნიან მსგავს იუმორისტულ გადაცემას. როგორ მუშაობთ ამ პირობებში, მოახერხეთ მაყურებლის შენარჩუნება?

– შეიძლება ითქვას, რომ საქმის თავიდან დაწყება მოგვიწია, რადგან ტელეკომპანია დიდხანს გაჩერებული იყო. ახალი სეზონი აქტიურად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების წასვლამ გუნდზე გარკვეული გავლენა მოახდინა, მაგრამ ვცდილობთ, ახალი სახეებით და პერსონაჟებით გავამდიდროთ ჩვენი შოუ. რაც შეეხება მაყურებელს, მათ რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით.

– უყურებთ თქვენი ყოფილი თანამშრომლების შოუებს “მთავარ არხზე?”

– ჩვენი მეგობრები არიან და, ბუნებრივია, ვუყურებ და ძალიან მომწონს. მიხარია, რომ საქართველოში უკვე ბევრი იუმორისტული გადაცემაა და დიდი არჩევანია. კონკურენცია გვაძლევს მოტივაციას, რომ მაყურებელს კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო სკეტჩები შევთავაზოთ.

– თითქმის ყველა სკეტჩში მონაწილეობთ, სხვადასხვა როლებს ირგებთ. თავდაპირველად არსებობდა სირთულეები? თქვენ ხომ უკვე შემდგარ, პროფესიონალ იუმორისტებთან ერთად გიწევდათ თამაში.

– თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, რადგან მივედი სამსახურში, სადაც დამხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ტელევიზორში წლების განმავლობაში ვუყურებდი. მათი თანამშრომელი გავხდი, ნელ-ნელა შევეჩვიე და წამოვიდა ახალ-ახალი პერსონაჟებისა და სკეტჩების იდეებიც.

ბევრი გმირი გამოვძერწე, მაგრამ ახლა ძალიან მოდური და საყვარელი გახდა წუნკალი მასწავლებლის პერსონაჟი. ამ გმირში გადმოვიტანე ქართველი პედაგოგების სტერეოტიპი, რომ მასწავლებელი აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიცნო ამ პერსონაჟში თავისი მასწავლებელი.

ასევე ძალიან ცნობილი სკეტჩი იყო “ქუთაისელები ციხეში”. მას დღემდე იხსენებენ და იმ ფრაზებს ქუჩაში მეუბნებიან. მუსიკალური დუეტებიც ძალიან მოსწონთ.

სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. ერთმა მომწერა, მინდა, შენნაირი დედამთილი მყავდეს, ბევრს მაცინებსო. ალბათ ჩემს გმირს, პედაგოგს, გულისხმობდა.

– იმერეთში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი მიგიღოთ დედაქალაქმა?

– 21 წელი ჩემს სოფელ ფარცხანაყანევში ვცხოვრობდი და თბილისს მაინდამაინც ვერ შევეჩვიე. ხმაური არ მიყვარს, დედაქალაქი კი ხმაურიანია. სიმშვიდით თბილისს ფარცხანაყანევი მირჩევნია. როცა რეგიონიდან ქალაქში გადმოდიან, ვიღაცას რომ ჰქვია ქრისტინე, თბილისში კრისტი ხდება, ნატო – ნატკა, მე კი ისევ თემო ვარ და თემკა ჯერ არ გავმხდარვარ.

– გოგონები გამოხატავენ თქვენდამი ინტერესს?

– ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები მეუბნებიან, შენი ტოლი შვილი მყავს, მისწერე, იქნებ გაიცნოთ ერთმანეთიო. ჯერ არ მაქვს სურვილი, რომ მეუღლე მყავდეს. ისეთი სიმპათიური ვარ, ალბათ ბევრი იქნება ჩემი სიძეობის მსურველი… (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით ჩემი გულის კარი დახურულია.

– და როგორი გოგო გახსნის ამ კარს?

– მთავარია, ჰქონდეს პატარა ცხვირი, რომ ჩემი გაანეიტრალოს და შვილს  საგანგაშოდ დიდი ცხვირი არ ჰქონდეს. სხვა მკაცრი მოთხოვნები არ მაქვს. ბუნებრივია, ჩამოყალიბებული და წესიერი ადამიანი უნდა იყოს. გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება არ მიყვარს, მთავარია, გავუგო.

ჯერ კარიერაზე ვფიქრობ. როცა ჩემს გემოზე დავალაგებ ყველაფერს და სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად ვიქნები, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებ.

– რადგან თავად ხუმრობთ ამ თემაზე, მეც შემოგკადრებთ ამ კითხვას – ცხვირის გამო ხომ არ გახდით ასეთი პოპულარული?

– კი, ცხვირმა შემიწყო ხელი, რომ ცნობილი გავმხდარიყავი. ამას ბევრი მეუბნება და არც მე უარვყოფ. პლასტიკურ ოპერაციაზე არასოდეს მიფიქრია და ახლა, მით უმეტეს, არ ვფიქრობ, რადგან ჩემს პერსონაჟს დიდი ცხვირი ძალიან უხდება და უფრო სახალისოს ხდის. არ ვარ კომპლექსიანი, ჩემი ცხვირი არც ბავშვობაში მაკომპლექსებდა.

– ოჯახში ვინ უნდა იყოს მთავარი – კაცი თუ ქალი?

– 50 50-ზე უნდა იყოს. ორივემ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შემდეგ გადაწყვეტილება ერთად მიიღონ. იმერეთში გაზრდილი ბიჭი ვარ, ეს რეგიონი კი გენდერულად ძალიან გაწონასწორებული კუთხეა, ვიცით როგორც ქალის, ასევე კაცის პატივისცემა.

– რა პროფესიის ხართ?

– ტურიზმის მენეჯმენტზე ვსწავლობ ქუთაისში. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სპეციალობა აღმოჩნდა. მომწონს, მაგრამ არ ვიცი, ამ მიმართულებით ვიმუშავებ თუ არა. იუმორი იმდენად მიყვარს, ჯერ სხვა საქმეზე ვერ ვფიქრობ. ამ ეტაპზე ვსწავლობ, არ მინდა, უდიპლომო სასიძო ვიყო.

– როგორც პოპულარული სახე, უნივერსიტეტში პრივილეგიებით ხომ არ სარგებლობთ? პედაგოგები როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?

– პრივილეგიებით არ ვსარგებლობ. ლექტორებს ჩემ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, უხარიათ, რომ “კომედი შოუს” მსახიობი ვარ.

– რეგიონებიდან თბილისში რომ გადადიან, მშობლიურ კუთხეს ივიწყებენ ხოლმე. მგონი, ეს თქვენზე არ ითქმის, არა?

– ბუნებრივია, იმერეთთან ურთიერთობას არ ვწყვეტ. მესამე წელია, რაც თბილისში გადმოვედი და ჩემს სოფელში ხშირად ჩავდივარ. იქ ჩემი წარმატებები ძალიან უხარიათ. როცა ფარცხანაყანევში ჩავდივარ, ჩემს გმირებს განიხილავენ ხოლმე. მიყვებიან, რა მოეწონათ, რა – არა და ა.შ. პაროდიებს მაკეთებინებენ. თვეში ორჯერ ოჯახში აუცილებლად მივდივარ. 11 წლის ძმა მყავს. მას ძალიან ვენატრები და მეც ძალიან მენატრება.

loading...

პოპულარული

კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი