თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამართულ სხდომაზე 36 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები  დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.

cyc

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

როგორც ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საკითხის წარმოდგენისას აღნიშნა, გენდერული სტრატეგია 2017-2020 წლების თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები დადებითად შეაფასეს.

საკრებულოს წევრებმა ასევე დეტალურად განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსების, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების, საწარმოო კომპლექსების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ობიექტების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილ საკითხებს. საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელების მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს.

მათ შორის, დადებითი რეკომენდაცია მიეცა კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩასთნ არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ლადო ასათიანის, ხოლო ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ნიკო ფიროსმანის სახელის მინიჭებას. აღნიშნული საკითხები   სხდომამდე დეპუტატებმა შესაბამის კომისიებში განიხილეს და დადებითად შეაფასეს.

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი