თბილისისა და NATO-ს ურთიერთობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

იზრუნე ჯანმრთელობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართული, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც მოსკოვში აცხადებენ, მოლაპარაკებების დროს რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება.

ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს “საქართველოსა და NATO-ს შემდგომ დაახლოვების საფრთხეს”.

“თბილისისა და NATO-სთანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართულ წვრთნებზე რეკორდული რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მანევრებს ესწრებოდნენ NATO-სცალკეული ქვეყნების ემისრები, რითაც ხაზი გაესვა წვრთნების ანტირუსულ ხასიათს და მათ მნიშვნელობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის. ეს კი ჟენევის დისკუსიების მიზნებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადია.

“გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს, ხოლო ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებსც არ ცდება. ავტობუსების გადაადგილებამ შეამსუბუქა გალის რაიონში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჟენევაში გამართულ დისკუსიებზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან “აფხაზეთის ხელოვნურ იზოლაციაზე” ისაუბრეს, რაც მათი თქმით ე.წ. აფხაზური პასპორტების “არაღიარების გზით ხორციელდება”.

ოკუპირებული ცხინვალი წარმომადგენლებმა კი ყურადღება საოკუპაციო ზოლთან უცხოელი პოლიტიკოსების ხშირ სტუმრობაზე გაამახვილეს, რაც მათი მტკიცებით, “ვითარებას ძაბავს”.

დისკუსიის დასასრულს მონაწილეები ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად გზების ძიებაზე შეთანხმდნენ. ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

loading…
გააკეთე კომენტარი!