„თამარი პასუხობს, რომ არ იცის ამ წამლის დანიშნულება, სხვამ დააბარა და სხვისთვის ყიდულობს,“ – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

ბაჩალიაშილი

პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას „ჯგუფურ მკვლელობას“ უწოდებს. მისი განცხადებით, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის 28 ტომს გაეცნენ, სადაც გამოძიების ბუნდოვანება იკვეთება. ადვოკატის განმარტებით, ირკვევა, რომ „მედიკამენტი, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ამავდროულად აღმოაჩინეს მის ავტომობილშიც, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არ არის აფთიაქში ნაყიდი“.

„არ ემთხვევა ქვითრები, რაც იქ იყიდა და ასევე არ დასტურდება ფარმაცევტების მიერ მიცემულ ჩვენებებში, აუდიოჩანაწერებში, რომ ის ბაჩალიაშვილის მიერ იყოს შეძენილი. ირკვევა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი ცარიელი ფირფიტები, ვადაგასული წამლები, არ არის ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი და მას არ ეკუთვნის. ეს არის ვინმეს მიერ ჩადებული. დიახ, ეს არის ჯგუფური მკვლელობა, ეს არის დაგეგმილი. ის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ აფთიაქარს მედიკამენტის დასახელებას ეუბნება, მაგრამ არ იცის რისთვის გამოიყენება და ამბობს, რომ ამ წამლის შეძენა ვიღაცამ დაავალა, ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ თამარს წარმოდგენაც არ ჰქონდა, საერთოდ რის აბებს ყიდულობდა“, – განაცხადა რამიშვილმა.

საქმის მასალების შესახებ ისაუბრა ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

„საქმეში დევს ფარმაცევტების ჩვენება, რომ კამერებთან ერთად იწერებოდა მომხმარებლებისა და ფარმაცევტების საუბრები. ძალიან ბუნდოვანია ის ფაქტიც, რომ თამარი შედის ოთხ სხვადასხვა აფთიაქში და ყიდულობს სხვადასხვა წამალს. ძირითადად მისი მიზანი იყო ის, რომ ოთხ სხვადასხვა აფთიაქში ეყიდა სხვადასხვა ოთხი წამალი. ორ შემთხვევაში იხდის ნაღდი თანხით, ორ შემთხვევაში კი ბარათით. თუმცა, არის ამონაწერი, როდესაც ფარმაცევტს ერთ-ერთი წამლის დასახელებას ეუბნება. ფარმაცევტმა ვერ გაიგო დასახელება და სთხოვა, განემარტა ან მიეწოდებინა ის ფურცელი, რაზედაც წამლის სახელი ეწერა. თამარი კი პასუხობს ასეთ რამეს, რომ არ იცის ამ წამლის დანიშნულება, ის სხვამ დააბარა და სხვისთვის ყიდულობს. 

საქმეში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რასთან მიმართებითაც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ აქვს და ამაზე საუბარიც იყო. ეს არის მანქანაში აღმოჩენილი სისხლის წვეთები. სისხლის წვეთები აღმოჩენილია ორ პირბადეზე, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონსა და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ. ზუსტად ამიტომ ვითხოვდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმეში ჩართულიყო საერთაშორისო ექსპერტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის დაედგინათ და საქმეზე მეტი ჭეშმარიტება ყოფილიყო“, – განაცხადა ქობესაშვილმა.

ipn

დაწერე კომენტარი