თავიდან დაიწყეს ჩემი ოჯახის წევრების თვალთვალი, ჩემს გოგოზე მიყურადებას ახორციელებდნენ – რამიშვილი

ბაჩალიაშილის საქმე - რამიშვილი სატელიტის კადრებზე

ადამიანზე, რომელსაც სულ რამდენიმე კვირაა ვიცნობ, მიდის ყველანაირი ფორმატით ზეწოლა, რომ იქნებ ათქმევინონ ისიც, თითქოს მე და დავით ფურცხვანიძემ ჯგუფურად დავიწყეთ გაყალბება, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რითიც დავით ფურცხვანიძის სახლში ჩხრეკას გამოეხმაურა.

საქმე ეხება ადამიანს, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა.

რამიშვილის თქმით, პროკურატურა ყველაფერს ცდილობს, რათა ის საქმიდან ჩამოაშორონ.

„ისინი ყველაფერს ეცდებიან, რომ პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოამისამართონ, მეც ამ საქმეში, როგორც ერთ-ერთი თანამონაწილე გამხადონ, რომ როგორმე ამ საქმეს ჩამომაშორონ და თავიდან როგორც უნდოდათ, თვითმკვლელობის ფორმატში შეფუთული ეს ბინძური საქმე, ასე მოეტყუებით შემოიტანონ. მე ამაში ხელი შევუშალე თავიდანვე. ახლა უნდათ რაღაცნაირად შეფუთონ, მეც ჩამრთონ ამ საქმეში, თითქოს თანამონაწილე გამხადონ, როგორღაც ჩამომაშორონ ამ საქმეს, რაღაც ჯგუფი შექმნან ჩემგან და ორი კვირის გაცნობილი ადამიანით. თავიდან ხომ დაიწყეს ჩემი ოჯახის წევრების თვალთვალი, ჩემზე ხომ მუქარას ახორციელებდნენ, ჩემს გოგოზე მიყურადებას ახორციელებდნენ და რას არ აკეთებდნენ და ახლა კიდევ მოიგონეს რაღაც. თუ ასე სიყალბეზე იყო ლაპარაკი, მოეძიებინათ, სახელმწიფოს რესურსების მეტი რა აქვს და დაედოთ საპირისპირო სატელიტიდან გადაღებული სურათები, სადაც მართლა იდგა ავტომობილი. ავტომობილი მანდ არ იდგა. ვერც იდგებოდა,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანისუს” გადაცემა „რეზიუმეში”.

დაწერე კომენტარი