“ზურაბიშვილი უფიქრდება მაინც, რას ამბობს?” – ძაბირაძე ივანიშვილისა და ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე

ვახტანგ ძაბირაძე

“ამაში პრობლემას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ის პროტოკოლი მართლაც შესაცვლელია, რომელიც ინაუგურაციის პროცესს განსაზღვრავს. ზოგადად, მგონია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებას მოერიდა და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ინაუგურაცია თელავში ჩატარდეს,” – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბრისას.

ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, მხატვარ თამარ ფოცხიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, თუ ასეთი გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღეს, რომ მოერიდნენ პროვოცირებას. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს და არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც რომელიმე მხარეს პროვოცირების საშუალებას მისცემს. ალბათ ამიტომაც გადაიტანეს ინაუგურაცია თელავში.

მხატვარ თამარ ფოცხიშვილის ცნობით, რომელიც ინაუგურაციის დაგეგმვაში მონაწილეობს, ინაუგურაციაზე შეიძლება ვიხილოთ პარალელები თამარ მეფესთან. ეს რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ?

 არ შეიძლება ასეთი გაიგივება. შეიძლება მხატვარს უნდოდეს ან ფიქრობდეს ასე, მაგრამ ასეთი გაცხადება ყოველთვის ცუდ განცდებს იწვევს. თამარ მეფე ეკლესიის მიერ წმინდანადაა აღიარებული და როდესაც ხდება მასთან ვინმეს გაიგივება, მით უმეტეს ჩვენს ეპოქაში, არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად.

თამარ მეფესთან გაიგივება ადამიანმა უნდა დაიმსახუროს მას შემდეგ, რაც ის მოღვაწეობას დაასრულებს და არა მაშინ, როდესაც მოღვაწეობას იწყებს. არ მგონია, რომ ეს პარალელი, თუნდაც სუპერპოეტური თუ რაღაც ასეთი, ძალიან სწორი იყოს. ასეთი განცხადებები იმუშავებს ზურაბიშვილის წინააღმდეგ და არა მის სასიკეთოდ.

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მლნ. 800 ათასი ლარით მცირდება.

კონსტიტუცია ახალი პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავს და არა იმას, როგორი დაფინანსება ექნება, მაგრამ, ზოგადად, ეს ინსტიტუტი სიმბოლურიც აღარ დარჩა, რაღაც უცნაური ინსტიტუტი მივიღეთ. ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციით არ იმართება. კონსტიტუციით რომ იმართებოდეს, მაშინ ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, მაგრამ არ არის ასე.

პარტიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ქვეყნის პირველი პირი. ასეთი რამ კომუნისტების დროს იყო. დღეს ჩვენ ასეთი რეალობა გვაქვს – არის კონსტიტუცია, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, მაგრამ ქვეყანა კონსტიტუციით მართული არ იქნება.

როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად იქნება გააზრებული და როდესაც პრეზიდენტი არ იქნება სახიფათო ხელისუფლებისთვის, მაშინ ძალიან ბევრი ფუნქცია, რომელიც დღეს პრეზიდენტს შეიძლება არ ჰქონდეს, შესაძლოა, ისევ პრეზიდენტთან გადავიდეს. ეს ყველაფერი არეულია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის შემცირება მის უფლებამოსილებას არც გაზრდის და არც შეამცირებს.

 ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი განცხადებებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორი იქნება მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან და მედიასთან?

 მისი განცხადებიდან ნაწყვეტი მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ შეხვდა ბიძინას და მან უთხრა, რომ პარტიასთან ვალში არ არის და შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს. როდესაც ამაზე საუბრობს, უფიქრდება მაინც, რას ამბობს? გამოდის, რომ ბიძინამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი. თუ ხვალ ბიძინა მოინდომებს და ეტყვის, რომ არ იყოს დამოუკიდებელი, მაშინ რა იქნება? საერთოდ, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ვიღაცამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი, ამის გარეშე არ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი?

არ ველოდები, რომ ვარსკვლავებს მოწყვეტს, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანოს. ამ შემთხვევაში კარგია, რომ მას ბევრი უფლებამოსილება არა აქვს.

ზურაბიშვილი ოპოზიციას ურთიერთობის დაწყებას “სუფთა ფურცლიდან” სთავაზობს.

ოპოზიციას ზურაბიშვილი რაში სჭირდება – ამას თავად თუ ამიხსნის, კარგი იქნება. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ვეტყოდი – კარგად იყოს თავის სასახლეში, რომელშიც უნდა. პრეზიდენტს არც უფლებები აქვს და შუამავლად ის ვერ გამოდგება, რადგან ავტორიტეტი არ არის არც “ქართული ოცნებისთვის” და არც მოსახლეობისთვის.

რა ფუნქცია უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როდესაც არის დიალოგი ან დაპირისპირება, არ მესმის. შეთავაზება მისი ნებაა, კარგი ჟესტია, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია, ამაზე მშვიდად უთხრას, რომ კარგად იყოს და თავისი გზა გააგრძელოს. მე ამაში აზრს ვერ ვხედავ.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი