ქუჩის ისტორიები: ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა

ავლიპი ზურაბაშვილი

ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში.

ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი (დ. ძველი სტილით [2 თებერვალი], ახალი სტილით [15 თებერვალი], 1902, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 აგვისტო, 1994, თბილისი) — ქართველიფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მიიღო.

ავლიპი ზურაბაშვილი დაიბადა 1902 წლის 15 თებერვალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. 1920 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1927 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1927-1930 წლებში ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტია. 1930-1938 წლებში ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკია. 1938-1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტისფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელს ხდება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი, არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი.

1938 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1938-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, მოგვცა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ცდას ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ფსიქოლოგიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში იკვლევდა ეთიკის, მორალისა და ჰუმანიზმის პრობლემებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის (ქერქი და უახლოესი ქერქქვეშა) ნატიფი სტრუქტურის (ციტოარქიტექტონიკა, ფიბრილოარქიტექტონიკა, სინაფსოარქიტექტონიკა), აგრეთვე ნეიროდინამიკური ფსიქიატრიის პრობლემებს. ავლიპი ზურაბაშვილმა ადამიანის დიდი ჰემისფეროების ქერქის ონტოგენეზის შესწავლისას მოგვცა შრეების განვითარების მთელი რიგი კანონზომიერებანი. ირკვევა, რომ სტრატიგრაფიული პროცესი განიხილება ორ ეტაპად: შრეების განვითარება პარკუჭის მახლობლად და ძირითადი ქერქული შრეების განვითარება. მეორე პროცესი იწყება პირველზე საკმაოდ გვიან და გრძელდება დიდი ჰემისფეროების ქერქის განვითარების პერიოდის მთელ მანძილზე. პროფესორმა ზურაბაშვილმა ნეირომორფოლოგიაში შექმნა სპეციალური კვლევითი მიმართულება „სინაფსოარქიტექტონიკის“ და „პათოსინაფსოარქიტექტონიკის“ სახელწოდებით.

1947 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნაშრომი „სინაფსები“. აღნიშნული შემაჯამებელი მონაცემები ადამიანის ქერქისა და ქერქქვეშა უბნების სინაფსოარქიტექტონიკის შესახებ გამოქვეყნებული იყო გერმანიაში პროფესორ ვ. კირშევის მიერ. ავლიპი ზურაბაშვილის კლინიკურ-მორფოლოგიური და ექსპერიმენტულ-მორფოლოგიური გამოკვლევები დიდი ჰემისფეროების ქერქის რევერზიბილობის, ე.ი. აღდგენადობის პრობლემის შესახებ მეტად საინტერესოა არა მარტო ავთვისებიანად მიმდინარე შიზოფრენიული პროცესის ნატიფი მორფოლოგიის საკითხებისათვის, არამედ ხსენებული გამოკვლევები მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის საკითხების გადაწყვეტისას ამ დაავადების დროს.

მნიშვნელოვანია ავლიპი ზურაბაშვილის გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული ბუნების შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის დროს პრეფიქსოზური სიმყიფის შესახებ და აგრეთვე მისმა შეხედულებამ პარაშიზოფრენიის თავისებურებათა შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში (საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში). დიდ ყურადღებას უთმობდა მის მიერვე განვითარებულ პრინციპებს პიროვნული, ე.ი. პერსონოლოგიური, ანუ ეგოფსიქოთერაპიული, მკურნალობის შესახებ.

დაჯილდოებულია ლენინის 3 და სხვა მრავალი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისის საპატიო მოქალაქე (1983). თბილისშიარის ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა.

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!