ვცდილობთ ბოლო წუთამდე გავუხანგრძლივოთ ვადა – “ოცნება” ოპოზიციის მანდატებზე

პარლამენტი

“ქართული ოცნება” ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას 2 თებერვალს გეგმავს.

 “ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციას უფლებამოსილების შეჩერებამდე დროს მაქსიმალურად უხანგრძლივებენ.

“მიმდინარე კვირაში, რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს, შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თამვჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს, ამავდროულად, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციების, ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც, მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე, ამასთან დაკავშირებით, ევროპელ სოციალისტებს ჰქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი.

უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება” 

ამბობს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ცდილობს თავი საერთაშორისო საზოგადოებას უფლებაშეზღუდულად წარმოუჩინოს. 

“ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ ეს არის საგანგებო და გადასაწყვეტი საკითხი სასწრაფოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ყველა ელოდება, რომ თავი გამოაჩინონ როგორც უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად და ამ თემით ისპეკულირონ საერთაშორისო ასპარესზე” – ამბობს “ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი უფლებამოსილების შეჩერებას თავად ითხოვენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ხალხთან ერთად მოპარული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

“ოცნებამ” უნდა გაბედოს და გააკეთოს, ის რაც უნდა გააკეთოს, ოპოზიციამ უარი უთხრა, რომ არ მიიღებს მასკარადში მონაწილეობას და მოპარულ არჩევნებს არ გააფორმებს, უნდა შეუწყდეს თითოეულ ჩვენგანს უფლებამოსილება, ამაზე მეტად ცხადად როგორ ვუთხრათ, ხელისუფლებას, ამის შემდეგ ოპოზიცია ხალხთან ერთად რას გააკეთებს დაინახავს ხელისუფლება” , – ამბობს ენმ–ს ლიდერი ნიკა მელია

  • “როცა, უფლებამოსილება, შეუწყდებათ პარლამენტის წევრებს, ოფიციალურად გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული ჩრდილოეთ კორეის პარლამენტი” – ამბობს ირმა ნადირაშვილი
  • “ეს თემა უნდა დაიხუროს, ვინ შედის ვინ არ შედის, ერთხელ და სამუდამოდ ითქვა, რომ არ შედიან” – ამბობს დავით ჭიჭინაძე
  • “ეს ხუთი დღით გადაწევა, შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც სპეკულაციებს” – ამბობს ანზორ ბიწაძე

განსხვავებულია გირჩის პოზიცია, ისინი ამბობენ, რომ პარლამენტარიზმი არ უნდა დაემხოს.

  • “ამ სიგიჟესთან, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ მოაწყო და რასაც ქვია, ქართული პარლამენტარიზმის გაქრობა, ჩვენ გირჩი არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო” – ამბობს იაგო ხვიჩია

დაწერე კომენტარი