ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელიც კამერების წინ მოკვდა?

13 წლის კოლუმბიელი გოგონა ომაირა სანჩესი 1985 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

კატასტროფის ღამეს კოლუმბიის ქალაქი არმეროს სიახლოვეს, სადაც გოგონა და მისი ოჯახი ცხოვრობდა, ვულკანის ამოფრქვევა მოხდა. კრატერიდან ამოფქვეული ლავის ნაკადი და ვულკანური ფერფლი წამში 6 მეტრის სისწრაფით დაეშვა დაბლობისკენ და რამდენიმე წუთში ქალაქი არმეროს მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ომაირა და მისი ოჯახის წევრები მოახლოვებული ლავის გუგუნმა გააღვიძა, თუმცა გაქცევა ვეღარ მოასწრეს, რადგან საკუთარი სახლის ნანგრევებში დატყვევებულები აღმოჩნდნენ. მაშველები გოგონას დიდი ხნის მანძილზე ვერ პოულობდნენ, რადგან ბეტონის ფილების ქვეშ იყო მოქცეული. საბოლოოდ, ფილების გადაწევა მოხერხდა, მაგრამ  გოგონას ნანგრევებიდან ამოყვანა ვერა.. ბავშვის გადასარჩენად საჭირო იყო წყლის საქაჩი და ამწე, რომელიც ბოგოტადან არმეროში სპეციალური ვერმფრენით ჩაიტანეს. მაშველების მცდელობის მიუხედავად, ომაირას ხაფანგიდან გათავისუფლების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა – წყლის საქაჩი გაუმართავი აღმოჩნდა, გოგონას გადარჩენისთვის კი დრო პრაქტიკულად, აღარ რჩებოდა. ომაირა მაშველებისა და კამერების თვალწინ იღუპებოდა, თუმცა სიმშვიდეს არ კარგავდა. ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა 60 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც კი მაშველებს დაღლას შენიშნავდა, ბავშვი მშვიდად ამბობდა – წადით, დაისვენეთ, მე მოვითმენ..
ომაირა სანჩესმა წყალში 3 დღე გაატარა, მეოთხე დღეს კი გარდაიცვალა.
სამაშველო ოპერაციას უამრავი ჟურნალისტი ადევნებდა თვალს . მათ შორის ერთმა – ფრანგმა ჟურნალისტმა ფრენკ ფურნიემ გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ომაირას უკანასკნელი ფოტო გადაიღო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით, ის 
1985 წლის ფოტოდ აღიარეს.
ტრაგედიის შედეგად, კოლუმბიის 14 სოფელი და ქალაქი განადგურდა და დაახლოებით, 23 000 ადამიანი გარდაიცვალა. არმეროს ტრაგედიაში დამნაშავედ სამოქალქო ომში ჩართული მთავრობა ცნეს, რომელმაც მოახლოვებული ვულკანის შესახებ გაფრთხილებებს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. დღეს ქალაქი არმერო აღარ არსებობს, მის ადგილას კატასტროფის მსხვერპლთა მემორიალია, სადაც პატარა ომაირას ძეგლიც დგას.

დაწერე კომენტარი