ვინ არიან ქურთები და რატომ არ აქვთ მათ საკუთარი სახელმწიფო?

ქურთების პროტესტი

2019 წლის ოქტომბრიდან ქურთები მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეს ყველაფერი კი თურქეთის სირიაში შეჭრით დაიწყო. ერდოღანის ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ სირიელი ქურთები, რომელთათვისაც თურქეთის ეს ნაბიჯი კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ამიტომ ისინი ან იბრძვიან, ან გარბიან. ვინ არიან ქურთები? როგორია მათი არსებობის ისტორია? რა განსხვავებაა ქურთებსა და იეზიდებს შორის?

ვინ არიან ქურთები?

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ახლანდელი თურქეთ-სირიის საზღვარი) ორი სამეფოს საზღვარი გადიოდა. ერთი მხრივ, იყო ხეთების სამეფო, მერე მხრივ კი – მითანი, რომლის მოსახლეობაც ხურიტებისა და სემიტებისგან შედგებოდა. 

როდესაც ხეთების სამეფო დაიშალა, მისი მოსახლეობის შემადგენელმა განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლებმა არსებობა დამოუკიდებლად დაიწყეს. ეს იყო სირიის სამთავრო, პროტოსომხები (ურარტუელები ან ხაიელები) და პროტოქართველები (ქალდები ან ქართები). თითოეული მათგანი თავისი გზით წავიდა. სადღაც ამ სირიულ სამთავროში დაიკარგა ეთნოსის დასაწყისი, რომელმაც ათასწლეულის შემდეგ არაბებისგან მიიღო სახელწოდება „ქურთები“. ამ დროიდან მოყოლებული, მესოპოტამიასა და მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქურთების ქვეყანა – სპარსულად „ქურთისტანი“ ეწოდა.

სად ცხოვრობენ დღეს ქურთები? 

დღეს ქურთები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი. თუმცა მათი ძირითადი საცხოვრებელი მაინც ქურთისტანია, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს, სირიის ჩრდილოეთს, ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთს მოიცავს. ქურთები კავკასიაშიც ცხოვრობენ. მაგალითად, საქართველოსა და სომხეთში. ისინი არიან რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთშიც. ეს გეოგრაფიული გაფანტულობა ქურთების რთულ ისტორიას ასახავს, რაც მიგრაციას, დეპორტაციასა და გადასახლებას გულისხმობს. ქურთული ჯგუფები ცხოვრობენ ისრაელსა და ეგვიპტეშიც. 

ენა, რომელზეც ქურთები ლაპარაკობენ, ირანულ ჯგუფს მიეკუთვნება. ის სპარსულის, ოსურისა და ტაჯიკურის მონათესავეა. ქურთულში ორი ძირითადი დიალექტი არსებობს: ქურმანჯი (ჩრდილოეთი) და სორანი (სამხრეთი). რამდენადაც ქურთები დღეს უკვე არაბულ, თურქულ და სპარსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან თანაცხოვრობენ, მათი ენა მეზობლების მეტყველების გავლენას განიცდის. 

ქურთების უმრავლესობა მუსლიმი სუნიტები არიან. ისინი ისლამის მიმდევართა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვან ფრთას მიეკუთვნებიან. ქურთებს შორის არიან ქრისტიანები და ათეისტები. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ეთნოსის წარმომადგენლებს რელიგიური ფანატიზმი არ ახასიათებთ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარი ადათ-წესები ჰქონდა და ისინი არაბული წარმომავლობის შარიათის კანონებს ყოველთვის არ ემორჩილებოდნენ.

იეზიდი და ქურთი ერთი იგივე ეთნოსია?

იეზიდები განსაკუთრებული სინკრეტიკული რელიგიის მიმდევრები არიან. მათ რწმენას ძლიერი გნოსტიციზმი (მარტივად რომ ვთქვათ, ოკულტიზმი) ახასიათებს. იეზიდებს სწამთ თავიანთი ღმერთის – ხოდესა და მისი ემანაციის, ასევე – მთავარანეგელოზ მალაკ თავუსის, რომელსაც ალეგორიულად ფარშევანგის ფორმით გამოსახავენ. იეზიდები პატივს მიაგებენ მათი ღმერთის მოციქულს, შეიხ შარიფ ადი იბნ მუსაფირს, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

ზოგი იეზიდებს ქურთულ ეთნოსს მიაკუთვნებს, სხვები კი – პირიქით, მათ ქურთების მონათესავე ცალკე ერად მიჩნევენ. მეოცე საუკუნეში განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე, როცა ოსმანთა ხელისუფლებამ სომხებისა და ასირიელების მასობრივი გენოციდი მოაწყო, ქურთები და იეზიდები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მუსლიმი ქურთები თურქებთან ერთად გენოციდის შემსრულებლებად იქცნენ, იეზიდები კი – ქრისტიანებთან ერთად მსხვერპლის ამპლუაში აღმოჩნდნენ.

ქურთები მართლაც ყველაზე მრავალრიცხოვანია ერია, რომელსაც სახელმწიფო არ აქვს? 

დიახ. ქურთების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონს აღწევს, თუმცა მათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა ვერასდროს მოახერხეს. დიდი ხნის მანძილზე ქურთებს აღიარებული ავტონომიაც კი არ ჰქონდათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქურთები მუდმივად ორი სამყაროს გასაყარზე ცხოვრობდნენ და თითოეული მათგანი ამ ეთნიკური ჯგუფის საცხოვრებელი სივრცის დამორჩილებას ცდილობდა.

თავიდან იყვნენ ხეთები და ხურიტები, შემდეგ – რომაელები და სპარსელები, მოგვიანებით – არაბები, ირანელები და ხაზარები. მომდევნო პერიოდში გამოჩნდნენ ოსმანები (თურქები) და სპარსელები. შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსები ქურთებს ერად არ მიიჩნევდნენ, მათ კაზაკების მსგავს სოციალურ ჯგუფად თვლიდნენ და ყაჩაღებს ან საზღვრის დამცველებს უწოდებდნენ. შუა საუკუნეებში, ქვეყნებს შორის საზღვრები არ იყო მკვეთრად გავლებული, ისლამის კონტექსტში კი ავტონომია წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამიტომაც ქურთების საზღვარი არაბებთან, სპარსელებთან ან ოსმანებთან უფრო ცივილიზაციური იყო.

ქურთებს საკუთარი სახელწიფოს შექმნა არასდროს უცდიათ? 

ქურთები ამ მიზანთან თავიანთი არსებობის განმავლობაში ყველაზე ახლოს ოთხჯერ იყვნენ. პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოსმანთა იმპერია დაიშალა. სევრის ხელშეკრულება ქურთების სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა კიდეც, მაგრამ ეს იდეა „დიდი თამაშის“ რთულ პერიპეტიებს ემსხვერპლა.

მეორე შესაძლებლობა 1920-იან წლებში გაჩნდა. თურქეთიდან გაქცეული ქურთები კავკასიაში (მთიან ყარაბაღში) დასახლდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ბელადმა ვლადიმერ ლენინმა გადაწყვიტა „საბჭოთა ქურთისტანი“ შეექმნა. გაჩნდა ქურთული თვითმმართველობა, გამოიცა ქურთულენოვანი გაზეთები და წიგნები. თუმცა სტალინმა ეს ავტონომია გააუქმა. 1936–1944 წლებში კი მან ძალით გადაასახლა თითქმის ყველა საბჭოთა ქურთი ყაზახეთსა და ციმბირში, სადაც უმრავლესობა დაიღუპა.

მესამედ ქურთებმა ირანში საკუთარი ავტონომიის (მისი ცენტრი იყო ქალაქი მაჰაბადი) შეექმნა შეძლეს – 1941–1946 წლებში. ანალოგიური მცდელობა ჰქონდათ 1960-იანი წლების ერაყში. მაჰაბადის ავტონომია ირანელებმა გააუქმეს, ხოლო როცა ერაყის ხელისუფლებაში სადამ ჰუსეინი მოვიდა, მან თავის ტერიტორიაზე არსებული ქურთული ავტონომია დაუნდობლად გაანადგურა. ჰუსეინმა ამისთვის ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა.   

საბოლოოდ ბაასისტური ერაყის დაშლისა და სირიის ტერიტორიაზე შექმნილი ქაოსის ფონზე ქურთებმა 2012–2016 წლებში სირიის ქურთისტანში თავიანთი სახელმწიფო – როჟავა (ქურთ. დასავლეთი) შექმნეს. როჟავის შეიარაღებული ძალები, აშშ-ის მხარდაჭერით, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ალიანსში შევიდნენ და ისლამისტებს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. დღეს კი ეს პროტოსახელმწიფო, ფაქტობრივად, ლიკვიდაციის პროცესშია სირიისა და თურქეთის ხელისუფლების მონაწილეობით, რასაც აშშ-ისა და რუსეთის მდუმარე თანხმობა ახლავს.

აქვთ თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქურთებს საერთო იდეოლოგია?

1970-იანი წლებიდან თურქთში მცხოვრებ ქურთებში მარქსიმზ-ტროცკიზმის იდეამ (ნაწილობრივ მაოიზმისაც) პოპულარობა მოიპოვა. თუმცა აქ ამ იდეოლოგიას რადიკალური ელფერი შეიძინა. სწორედ ამიტომ ქურთების ნაწილმა თურქეთის ხელისუფლებასთან ბრძოლის გზად პირდაპირი ტერორი და შეიარაღებული დაპირისპირება აირჩია. ქურთისტანის მუშათა პარტია კი პარტიზანულ ბრძოლებს ჩაუდგა სათავეში. 

ერაყის, ირანისა და სირიის ქურთები კი ფიზიკურად დაიყვნენ. ერთი მხრივ, გაჩნდნენ ლეგალისტები და მეორე მხრივ – სეპარატისტები. თუ მასუდ ბარზანის მომხრეებს თავიანთ იდეალად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიაჩნდათ, ლეგალისტები პირიქით – ირანისა და სირიის ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამ უკანასკნელთა მიზანი რაიმე სარგებლის მიღება იყო. ასე რომ, 1979 წელს ირანში ქურთებმა ისლამურ რევოლუციას დაუჭირეს მხარი იმ იმედით, რომ პრივილეგიებს მიიღებდნენ, რაც მათ შაჰის რეჟიმის პირობებში არ ჰქონდათ. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. 

დღეს უკვე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქურთებს მხოლოდ დამოუკიდებლობაზე ოცნება აერთიანებთ. თუმცა ამ ნატვრასაც სხვადასხვა ჯგუფი განსხვავებულად აღიქვამს. თურქეთში მცხოვრები ქურთები ცალკე სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ირანელი ქურთები ავტონომიის მოპოვებას ცდილობენ. სირიელმა და ერაყელმა ქურთებმა კი როჟავა შექმნეს და ცალკე ცხოვრებისთვის იბრძვიან, თუმცა თავიანთი ეთნოსის სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც განიხილავენ.

Imedinews

დაწერე კომენტარი