“ექსტრემიზმის შიში ევროპას საერთაშორისო კონვენციის დარღვევას აიძულებს და საკუთარ ძირითად ფასეულობებს ავიწყებს”

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები

იანვრის ბოლოს ავსტრიამ ქვეყნიდან გააძევა ჩეჩნეთის 31 მკვიდრი, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ. იძულებითი დეპორტაცია ჩეჩნეთიდან დევნილებისა, რომლებიც ადრე ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს პოულობდნენ, დასავლეთის ახალი შემაშფოთებელი ტენდენციაა.

რაც შეეხებათ საკუთრივ ავსტრიიდან გაძევებულ ჩეჩნებს, ისინი სპეციალური ჩარტერული რეისით რუსეთში გაამგზავრეს.

დეპორტაცია უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მიტინგების მონაწილეები ადგილობრივ საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებული ჩეჩნური ოჯახების გაძევების არდაშვებას მოითხოვდნენ.

«Кавказ.Релии»-ს ინფორმაციით, ავსტრიელმა უფლებადამცველმა ულრიკე კრაინიგმა პროტესტის ნიშნად გასულ წელს მიღებული საპატიო ჯილდო – Fee Award 2016-ც კი დააბრუნა, რომელიც ავსტრიის ხელისუფლებამ სწორედ დევნილთა უფლებების მრავალწლიანი თავდადებული დაცვისთვის უბოძა.

რადიკალურად ცვლის ლტოლვილებისადმი პოლიტიკას პარიზიც. ფრანგული გამოცემა “RFI “ უფლებადამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყანამ ჩეჩნების დეპორტაცია დაიწყო. 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით სამშობლოში 10-მდე ჩეჩენი დააბრუნეს, იძულებითი დეპორტაციის მოლოდინშია კიდევ რამდენიმე ათეული ლტოლვილი.

“მრავალი წლის განმავლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვითარება იმდენად მძიმედ ითვლებოდა, რომ ადამიანებს იქ არ ადეპორტებდნენ, განურჩევლად ბრალდებისა და საკითხს საფრანგეთშივე წყვეტდნენ. თუმცა ახლა ქვეყნის ხელისუფლება თავად საფრანგეთში არსებულ ვითარებას  იმდენად მძიმედ აფასებს, რომ საერთაშორისო კონვენციის დარღვევით დევნილების დეპორტაციას მიჰყო ხელი”, – წერს გამოცემა.

«ეს ახალი ტენდენცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.  იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც არსებობს გარკვეული დასაბუთებული ეჭვები, საკითხი შეიძლება, საფრანგეთშივე იქნას განხილული, ადამიანის რუსეთში გაგზავნის გარეშე, სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამებისა და ზოგჯერ გაუჩინარებისგანაც კი დაცულობის გარანტირებას ვერავინ შეძლებს», – განუცხადა “RFI”-ს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე უფლებადამცველმა საშა კულაევამ.

თუ ჩვეულებრივ გაძევების გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეფექტი იღებს, სპეციალური კომისია ამტკიცებს, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ექსტრემალურ შემთხვევებში დეპორტაციის გადაწყვეტილებას შს მინისტრი აწერს ხელს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

ამასთან, სააპელაციო განაცხადის წარდგენა პროცედურის შეჩერების მიზეზს არ წარმოადგენს. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, გაძევებულები შეიძლება, იქნენ “ამ პროცედურისგან დაცული კატეგორიების პირებიც”, მაგალითად, უცხოელები, რომელთაც დევნილის სტატუსი მიიღეს, თუ ეს “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის” მიზანს ემსახურება.

ამასთან, დეპორტაცია ეხებათ ლტოლვილების შვილებსაც, რომლებიც პრაქტიკულად, საფრანგეთში გაიზარდნენ.

დეპოტაციის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ხელისუფლების ეჭვი რადიკალიზაციასა და სირიის, ერაყის, ავღანეთის ექსტრემისტებთან ან აკრძალულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებში.

«შემთხვევები ერთგვაროვანი არ არის და ფორმულირებებში სიფრთხილეა საჭირო. თუმცა მნიშვნელოვანია ზოგადი ტრენდი – საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ერთგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა, რომელსაც ადრე იცავდა. თავის სწრაფვაში, ყოველთვის რაც შეიძლება, სწრაფად და შეძლებისდაგვარად შორს გააძევოს უცხოელები, ევროპას საკუთარი ძირითადი ფასეულობები ავიწყდება. ჩეჩენი ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების გაძევებით საფრანგეთი თავის საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს», — ნათქვამია უფლებადამცველების მიერ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

ანალოგიურ დილემას –  როგორ დაასაბუთოს არასასურველ პირთა გაძევების აუცილებლობა ევროპული პრინციპების დაურღვევლად, ბოლო პერიოდში წააწყდა გერმანიაც, რომელსაც მუსლიმური რეგიონებიდან ლტოლვილების უკვე რამდენიმე ტალღამ გადაუარა. ამ დროისთვის გერმანიაში 115 ათასი ადამიანია, რომელთაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს და ვალდებულები არიან, ქვეყანა დატოვონ.

«მაგრამ ეს – თეორიაში. პრაქტიკულად კი, მათგან მარტო 35 ათასმა მიიღო სასამართლოსგან მოთხოვნა გერმანიის დატოვების თაობაზე, საკუთრივ დეპორტაცია კი სულ 19 520 ადამიანს შეეხო იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ციფრი 20 ათასს ალბათ, ვერ მიაღწევს», – წერდა 2017 წლის დეკემბერში გერმანული “DW”.

loading…

პოპულარული

"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი