ეს საქმე უალტერნატივოდ, გამამართლებელი განაჩენით დასრულდება – ნიკა მელაის ადვოკატი

დღეს პროკურატურამ მოიყვანა მათი მოწმეები. მოქალაქე, რომელიც დაიკითხა და გამოძიებაში უთითებდა, რომ ნიკა მელიამ მოუწოდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ, ახლა თქვა, რომ ნიკა მელიას არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია და მათ თავად გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. ბევრი ეცადა პროკურორი, რომ დაებრუნებინა იმ ჩვენებაზე, რომელზეც გამომძიებელთან ჰქონდა მიცემული, მაგრამ მოწმემ დაადასტურა, რომ არც იცოდა რა ეწერა საქმის მასალებში.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, ის იყო კარგად მომზადებული შსს-ის წარმომადგენელი. ის ამტკიცებდა, რომ იდგა 10 მეტრის მანძილზე, სპეციალურ აღჭურვილობაში და ესმოდა რას საუბრობდა ნიკა მელია მოქალაქეებთან  და როგორ მოუწოდებდა მათ. ეს არის არარეალური და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. როდესაც ვკითხეთ, მას სხვა ნაცნობი პოლიტიკოსის სახე დაინახა თუ არა, მისი პასუხი იყო – არა. ყველაფერს გაეცემა პასუხი. ეს საქმე უალტერნატივოდ, გამამართლებელი განაჩენით დასრულდება“,- განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, დავით ნეფარიძის თქმით, მოქალაქეებმა პარლამენტზე შეტევა ნიკა მელიას მოწოდებების შემდეგ დაიწყეს.

„მოქალაქემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა აქციაზე და როდესაც სახლიდან დაიძრა პარლამენტში შესვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

მისი სურვილიც იყო პარლამენტში შეჭრა, თუმცა ნიკანორ მელიას მოწოდებას მოჰყვა ხალხის მასის დაძვრა პარლამენტისკენ.  მოწმე იმასაც ადასტურებს, რომ პოლიციელებს მოქალაქეები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებს.

რაც შეეხება მეორე მოწმეს. მისგან 7 მეტრის მოშორებით იდგა ნიკა მელია, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, შესულიყვნენ პარლამეტში, ასევე იგი დედის მიმართულებით აგინებდა პოლიციელებს და მოუწოდებდა მათ, რომ გადასულიყვნენ აქციის მონაწილეების მხარეს. ამ დროს მიიღო პოლიციელმა დაზიანებები, რადგან მოქალაქეებმა გაიტაცეს კორდონიდან. მან სხვა პოლიტიკოსებზეც ისაუბრა, რომლებიც მსგავსი აგრესიით არ გამოირჩეოდნენ. ჩვენ სულ 80 მოწმე გვყავს, რომელთა დაკითხვაც ეტაპობრივად მოხდება. ესენი არიან მოქალაქეები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ა.შ.“- განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

დაწერე კომენტარი