ელისაშვილი ახალ პარტიას ქმნის: ვინ იქნება მის გუნდში

ხუხაშვილი-ელისაშვილი

დაიწყო თუ არა პოლიტიკურმა ელიტამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ქვეყანაში უნდა ველოდოთ თუ არა ახალი სახეების გამოჩენას. როგორც ჩანს ამის წინაპირობა უკვე არსებობს, რადგანაც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა – ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

როგორც ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მოძრაობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამის მიზეზი ის გარემო გახდა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა. მისი თქმით, ბრიუსელიდან იყო კონტაქტი და  აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა.

ელისაშვილი ამბობს, რომ  რამდენჯერმე ის  და მისი  თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავიდნენ. ასევე დელეგაცია საქართველოშიც იყო ჩამოსული. მათ  დახმარება ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდისგან მიიღეს.

„ამ ეტაპზე ფილიალები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვექნება, ვმუშაობთ სხვა რეგიონებში ოფისების გახსნაზეც. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ეს ხალხი ერთმანეთის სიძულვილით იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი.

ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, არამედ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო მოძრაობა შესაძლოა, პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნას.

„ჩვენი მიზანია, რაღაც მესიების მოლოდინში კი არ ვიყოთ, ბოლოს და ბოლოს დავასრულოთ ეს მოლოდინი, ხელები დავიკაპიწოთ და ჩვენ ავიღოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი შვილების მომავალზე პასუხისმგებლობა” – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც მიიღონ. – “არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ერთს ვიტყვი – ანალიტიკოსები და საზოგადოების დიდი ნაწილიც ელოდება, რომ მესამე ძალა მოვიდეს, მაგრამ მე ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და მესამეზე არ ვყოფილვარ არასდროს და მესამეობისთვის მითუმეტეს არ ვიბრძვი”, – აღნიშნავს ელისაშვილი.

მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებთ.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ელისაშვილი არ არის კლასიკური სახის პოლიტიკოსი, არა აქვს რაიმე პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ მის მიერ შექმნილ ახალ მოძრაობას მიესალმება და მიაჩნია, რომ მას საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა და დიდი გამოცდილება აქვს.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ელისაშვილს აქვს ბევრი ის თვისება, რაც ლიდერს სჭიდება და მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის მოთხოვნებს პასუხობს, მოსახლეობაში კი მოთხოვნილება ძალიან მაღალია.

„არ ვფიქრობ, რომ ქაოსურ გაერთიანებებს რაიმე წარმატების მოტანა შეუძლია. ამიტომაც ვფიქრობ, აქ ამ მოძრაობაში ცნობილი პოლიტიკოსების გაერთიანება დიდად მომგებიანი არ იქნება. არსებული პოლიტიკური ელიტა კომპრომეტირებულია და ამიტომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება ძალიან ფაქიზად უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა პარტიად უნდა გარდაიქმნას.

ამის საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა უნდა შევცვალოთ და რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამას კი პოლიტიკაში ახალი სუბიექტები სუფთა ფურცლიდან გვჭირდება. არაკომპრომეტირებული და მუდმივად წარუმატებლობასთან რომ არ ასოცირდება ისეთი ახალი სახეები… ელისაშვილი ასეთი ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკაში კარგი მომავალი ექნება თუ სწორ ხალხთან დაიწყებს ურთიერთობას“, – აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი