დოდო გუგეშაშვილის საქმეზე განაჩენი ცნობილია

დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ცნობილია.

რამდენიმე წუთის წინ, მსაჯულებმა ოთხსაათიანი მსჯელობის შემდეგ დანაშაულში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოიტანეს. სასჯელის ზომას კი მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე მოგვიანებით განსაზღრავს.

სასამართლოში ბრალდების მხარეს პროკურორები – ნინო აღლემაშვილი და ლიკა ჩადუნელი წარმოადგენდნენ, ბრალდებულის ინტერესებს კი ადვოკატი ვანო ნორაკიძე იცავდა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა. ბრალდებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 45 წლის ზაზა მურჯიკნელი წარსულში, კერძოდ 2009 წელს ასევე მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

წყარო: პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი